LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე: „ეს არის დღე, როცა ყველა სიგიჟეს გპატიობენ…“

174

ვინც ნინო ქათამაძის შემოქმედება მცირე დოზით მაინც იცის, ისიც ეცოდინება, რომ ის თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტია. სხვადასხვა ალბომშიც და სცენაზეც მუსიკოსი სიახლეებისკენ ისწრაფვის, თუმცა როგორც „თბილისი მარიოტში“ „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 21 აგვისტოს მსმენელი მისგან კიდევ არაერთ საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტს მოისმენს. პრესკონფერენციას კონცერტის მენეჯერი ბუკა კარტოზია და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ესწრებოდნენ.

ღონისძიება სახელწოდებით „Happy Birthday“ მომღერლის დაბადების დღეს ემთხვევა. ყოველ წელს ის ამ დღეს კონცერტით აღნიშნავს ხოლმე და მსმენელთან ერთად ზეიმობს, თუმცა წლევანდელი კონცერტი გამორჩეული იქნება, რადგან ასეთი ტიპის სივრცეში ნინო ქათამაძეს საქართველოში არასდროს უმღერია.

ნინო ქათამაძეს აკომპანირებას გაუწევს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებენ სამების საპატრიარქო გუნდი და ჯგუფი „The Quinessence“. საღამოს დაასრულებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული დიჯეი პოლ ანდერსონი. საღამოს განმავლობაში გაიმართება ნინო ქათამაძისა და „ინსაითის“ კლიპის პრეზენტაციაზე ერთ-ერთ სიმღერაზე მათი ალბომიდან.

ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი:

წელს მეტი აქცენტი გავაკეთეთ ქართველ არტისტებზე და გვინდა, ჩვენი სცენა მათ დავუთმოთ. ნინო ქათამაძის კონცერტი ერთ-ერთი იქნება და მოხარული ვართ, რომ მასთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, მისი კონცერტი ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელისთვის…

ნინო ქათამაძე:

სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას კონცერტში, რომელიც ამ საოცარ დარბაზში ჩატარდება. მინდა გითხრათ, რომ როცა ეს დარბაზი შენდებოდა, მეც და ნიკოლოზ რაჭველიც ჩავედით და ვნახეთ ყველაფერი. ჩვენს პატარა ქვეყანაში არსებობს ასეთი დარბაზი, სადაც ყველა მუსიკალური ოცნებისა და ფანტაზიის ასრულება შეიძლება. შარშანაც გვინდოდა „ბლექ სი არენაზე“ კონცერტის გამართვა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება დავაგვიანეთ.

გვაქვს ბევრი მუსიკალური სიახლე, რომელსაც „ბლექ სი არენას“ სცენაზე წარვადგენთ. ზაფხულია, ჩემი დაბადების დღე, მოკლედ, ამ დღეს ყველა სიგიჟეს გპატიობენ (იღიმის) და იქნება სიგიჟეები სცენაზე… მერამდენე წელია ასე ეგოისუტრად ვიხდი დაბადების დღეს და აღვნიშნავ კონცერტით. ეს არის დღე, როდესაც მე შევხვდი მუსიკას… გვაქვს უამრავი ნაწარმოები, რომლებიც არ შეგვისრულებია დიდ სცენაზე.

ნიკოლოზ რაჭველი:

ნინოსთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოვსულვარ, სადაც მის მოსასმენად თავი მოუყრია 10-20-30 ათას ადამიანს. ნინო ყველგან ნინოა, მაგრამ როდესაც არტისტი ასეთ დიდ დარბაზში გამოდის, სხვანაირ ენერგიას იღებს მრავალრიცხოვანი მაყურებლისგან და არტისტიც განსხვავებულ რაღაცას ბადებს სცენაზე. ასეთი ხარისხის დარბაზში საქართველოში ნინოს კონცერტი არ ჰქონია. გვაქვს ურიცხვი რაოდენობის რეპერტუარი და ამ კონცერტისთვის ვაპირებთ საუკეთესო კომპოზიციების შერჩევას.

ნინო უკვე მსოფლიო არტისტია. ის მღერის თავის გამოგონილ ენაზე, რომელიც ყველას ესმის. როცა მას უსმენ, ხვდები, რომ ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია და ნინო უნდა დავაყენოთ ისეთი არტისტების გვერდით, როგორიც სტინგი, ბარბარა სტრეიზანდი და ბიორკია. ჩვენთვის ეს რთულად გასააზრებელია, მაგრამ სინამდვილეში მას ზუსტად ისე ხვდებიან, როგორც ჩემ მიერ ჩამოთვლილ არტისტებს…

ანი კავლელიშვილის განცხადებით, თავად ნინო ქათამაძის სურვილით, ბილეთები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, რაც დარბაზის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა, ამიტომაც ფასები 10-დან 100 ლარამდე მერყეობს. სპეციალურად ამ დღისთვის დარბაზი განსხვავებულად იქნება მოწყობილი და გარკვეულ არეალში დაიდგმება მაგიდები, რაც ორიგინალური იქნება, რადგან აქამდე არენაზე მაგიდები არ დადგმულა. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები