LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნიუ იორკ თაიმსი” – ჩინური ,,სინოფარმის” ვაქცინა 86%-ით ეფექტურია

138
chinvaqcine2012

ჩინური ვაქცინა, რომლის გამოცდაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობდა, 86%-ით ეფექტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საამიროების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ.

ქვეყნის ჯანდაცვისა და პრევენციის მინისტრის თქმით, მათ განიხილეს ჩინური ფარმაცევტული კომპანიის, ,,სინოფარმის” მიერ ემირატების ტერიტორიაზე ჩატარებული  ვაქცინის კლინიკური გამოცდის შუალედური ანალიზის მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც ცხადი ხდება, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით ინფიცირების პრევენციაში 86%-ით ეფექტურია. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ საემიროებს  მონაცემების დამოუკიდებელი ანალიზი არ ჩაუტარებია.

,,სინოფარმის” მიერ ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით კი ირკვევა, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმის განვითარების პრევენციის კუთხით და არ გააჩნია სერიოზული პრობლემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

,,სინოფარმის” მიერ დამზადებული ვაქცინის გარდა ჩინეთს კიდევ სამი ვაქცინა-კანდიდატი აქვს, რომლებიც ამ ეტაპზე კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაშია. აშშ-ის მსგავსად, ჩინეთის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაც აცხადებს, რომ ისინი ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვას იმ შემთხევევაში გასცემენ, თუ მისი ეფექტურობა 50%-ზე მაღალი იქნება, უსაფრთხოება კი დადასტურებული.

,,სინოფარმს” აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კომპანია ვაქცინის გამოცდის ფინალურ ფაზას საერთო ჯამში ათ ქვეყანაში აწარმოებს, დანარჩენი ქვეყნებიდან მიღებული მონაცემები კი ჯერ არ გასაჯაროებულა.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება ჩინური ვაქცინის მასობრივ გამოყენებას, თუმცა მათ ჯერ კიდევ სექტემბერში გასცეს ნებართვა აღნიშნული ვაქცინის გამოყენებაზე გადაუდებელ შემთხევაში, სამედიცინო პერსონალისათვის.