LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციაში საქართველოს სექცია გაიხსნება, მასში გაწევრიანებას ყველა დაინტერესებული ქართველი ადვოკატი შეძლებს

216
1

16 სექტემბერს, ნიუ-იორკის შტატის დედაქალაქ ალბანიში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ენდრიუ ბრაუნმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას.

შეთანხმების თანახმად, ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციაში გაიხსნება საქართველოს სექცია, რომელში ინდივიდუალური გაწევრიანების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ ქართველ ადვოკატს მიეცემა.

საქართველოს სექციის ფარგლებში, ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები და სხვა სახის ღონისძიებები, რაც ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ამერიკულ პრაქტიკას, გამოცდილებას და ამერიკელ კოლეგებთან დაამყარონ მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა.

“ადვოკატთა ასოციაციის” ინფორმაციით, შეხვერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის განვითარების აუცილებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხარისხისა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.

პრეზიდენტმა ბრაუნმა მზადყოფნა გამოთქვა ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციის რესურსებითა და გამოცდილებით მხარი დაუჭიროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოებაში ქართველი ადვოკატების ცოდნისა და უნარების გაძლიერების მიმართულებით.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნულ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების იურიდიულ პროფესიებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ადვოკატურის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.