LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვას მაგისტრ მოსამართლესთან ითხოვს

72
ნოდარ მელაძე

“მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს იქ გამოკითხვის შუამდგომლობით, ჩვენ უკვე მივალთ ჩვენების მისაცემად სასამართლოში.” – აცხადებს ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ამბობს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა.

ნოდარ მელაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სწორი ფორმა იქნება სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა, ისევე როგორც, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დააფიქსირეს.

მელაძე წყაროს გაუთქმელობის ვალდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურის მიზანი არა სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, არამედ, წყაროს იდენტიფიცირებაა:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში გამოკითხვის სწორი ფორმა არის სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ისევე როგორც, ეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავაფიქსირეთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს იქ გამოკითხვის შუამდგომლობით, ჩვენ უკვე მივალთ ჩვენების მისაცემად სასამართლოში.

რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ გვიცავს კანონი და კანონისმიერი ვალდებულება გვაქვს, რომ არ გავცეთ წყარო, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, ან არ მივაწოდოთ ისეთი მასალები საგამოძიებო უწყებას, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში და შესაბამისად, ჩვენც ვიმოქმედებთ კანონით მინიჭებული უფლებით. ის გამოძიება და ის განცხადებები, რომელიც ჩვენ აქამდე მოვისმინეთ, აჩენს ერთადერთ განცდას, რომ საქართველოს პროკურატურის მიზანია არა სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელზეც ამ აუდიოჩანაწერებშია საუბარი, არამედ, წყაროს იდენტიფიცირება.” – თქვა ჟურნალისტმა.

როგორც ნოდარ მელაძის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განმარტა, პროკურატურას უკვე შეატყობინეს, რომ პროკურატურაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, 6 მარტს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ფარული აუდიომასალა, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, ახლანდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერია და რომელშიც ისინი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო, სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

ამის შემდეგ, სასამრთლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიას კი წარედგინა განჩინება, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები