ნოდიკო ტატიშვილის კლიპის გადაღებები გუშინ მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა „ანდროპოვის ყურების“ რესტორნის ვერანდაზე. სიმღერა, რომელიც დავით მჭედლიშვილს, ანუ Davi Mc-ს ეკუთვნის, მომღერალმა 2 კვირის წინ, BRAVO RECORD STUDIO-ში ჩაწერა, მუსიკალური პროდიუსინგი კი ალეკო ბერძენიშვილის გახლავთ. კლიპის რეჟისორი გახლავთ ნესტან სინჯიკაშვილი.

ნოდიკო ტატიშვილი:

დავით მჭედლიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეს მისი ძველი სიმღერაა, რომელიც არ იყო ძალიან პოპულარული. ნიკა ხაჩიძემ, ჩემმა მეგობარმა მომასმენინა და გადავწყვიტე, აბსოლუტურად ახალი ჟღერადობით გამეკეთებინა. ის, რასაც მოისმენთ, ბუნებრივი ჟღერადობით არის ჩაწერილი. სიმღერის ჩაწერაზე მუშაობდნენ ძალიან მაგარი მუსიკოსები, რომლებთანაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს. ესენი არიან პაატა ანდრიაძე, რომელთანაც ჯერ კიდევ „ჯეოსტარიდან“ მოყოლებული ვთანამშრომლობდი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და უჩა მეტრეველი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ალეკო ბერძენიშვილს მისი გულიანი მუშაობისთვის. დიდი იმედი მაქვს ეს სიმღერა „ჰიტი” იქნება.

საბოლოოდ გამოვიდა ის რაც გვინდოდა. აბსოლუტურად განსხვავებული სიმღერა იმისგან, რაც იყო ადრე. დაგვჭირდა მცირე ტექსტის კორექტირება, რომელიც მანანა გურგენიძემ ჩაამატა.

კლიპი გადაიღო ნესტან სინჯიკაშვილმა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, მასთან მუშაობა კომფორტის ზონაა. ყოველთვის ყველაფერი მიდის ძალიან მარტივად, როდესაც ნესტანთან ერთად ვმუშაობ, ღიმილში, სითბოში, სიყვარულსა და მეგობრობაში. საოცარი პროფესიონალია და მინდა, კიდევ ბევრი კლიპი გადამიღოს. დამდგმელი ოპერატორია ლევან ლეკიაშვილი, ანუ ბუდა. დამდგმელი ქორეოგრაფია ირაკლი ფიფია. კლიპში მონაწილეობს თავად და მისი ცეკვის სტუდია, რომელსაც ჰქვია Mess.

როგორი კლიპი იქნება?

შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ერთი ხაზია, რომელზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ასე გადავწყვიტეთ, თუმცა ამ ხაზს ავითარებს უნიჭიერესი ნანუკა გულუა. ნანუკა ძალიან განსხვავებული იქნება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დოჩისგან. ის, რაც მქონდა ცაფიქრებული, ნანუკამ შეუდარებლად გააკეთა. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ახალ კლიპში სწორედ ის მონაწილეობს.

ნინო მურღულია

 

 

ტეგები: ახალი კლიპი ნოდიკო ტატიშვილი

მსგავსი თემები