LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძის “22”, ახალი კლიპი და დიდი ვარდების თაიგული

3527
nuca-buzaladze

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ 22 მარტს, “რესპუბლიკაში” ახალი ალბომის “ნუცა 22” და კლიპის პრეზენტაციაზე შეგვკრიბა. მომღერალმა საღამო თავად წაიყვანა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ალბომის შექმნასა და კლიპის გადაღებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

ალბომში 11 სიმღერა შევიდა, რომელთაგან რამდენიმე თავად ნუცამ დაწერა, დანარჩენი ცნობილ ქართველ კომპოზიტორებს ეკუთვნის. მათ შორის ერთ-ერთია “გელოდები”, რუსა მორჩილაძის ახალი სასიყვარულო ბალადა, რომელზეც ზაზა ორაშვილმა საკუთარ გუნდთან ერთად, ლამაზი კადრებით გაჯერებული ვიდეო გადაიღო. კლიპში ნუცას ჩაცმულობაზე დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იზრუნა. ალბომი “ბრავო რეკორდსშია” ჩაწერილი.

კლიპის პრემიერამდე ნუცამ სცენაზე გრიგოლ ყიფშიძე მიიხმო და მასთან ერთად დუეტში კიდევ ერთი ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც დათო არჩვაძეს ეკუთვნის.

კლიპი სამჯერ აჩვენეს. როცა ეკრანზე ვიდეორგოლის კადრები იცვლებოდა, დარბაზში კურიერი შემოვიდა და ნუცას ვარდების გრანდიოზული თაიგული მოიტანა, რომელიც მომღერალმა სცენაზე დაადებინა…

პრემიერის შემდეგ საზოგადოებამ სპეციალურად მოწყობილ კუთხესთან გადაინაცვლა, სადაც ნუცამ ალბომები გააჩუქა და მათზე საკუთარი ხელისმოწერები დატოვა.

ზაზა შენგელია:

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ალბომია. ლირიკული ბალადების გარდა შესულია ტემპიანი სიმღერებიც, ამიტომ ახალგაზრდებსაც მოეწონებათ და შედარებით უფროსი ასაკის ადამიანებს. მათ შორის ოთხი სიმღერა თავად ნუცას დაწერილია. მნიშვნელოვანია და გარკვეული უპირატესობაა, როცა მომღერალს თავად შეუძლია სიმღერების წერა. ეს მხოლოდ დასაწყისია და ნუცას ყველაფერი წინ აქვს.

რაც შეეხება კლიპს, მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ძალიან მოსწონს ზაზა ორაშვილის ხელწერა. ზაზასთვისაც ცოტა განსხვავებული კლიპი გამოვიდა. ვფიქრობ, ვიდეორგოლი მაყურებელს ძალიან მოეწონება.

ლაშა ჯოხაძე:

ძალიან მოკლე პერიოდში გავაკეთეთ ეს ორი კოსტიუმი. ნუცასთან მუშაობა არ მიჭირს, ვიცი მისი აგებულება. ზაზა ორაშვილთან პირველად ვიმუშავე და ძალიან ვისიამოვნე. გუნდური მუშაობა მომწონს და შედეგიც ასეთი მივიღეთ. ყვითელი ფერის კაბის იდეაც ასე წამოვიდა, რომ ტყეში არ დაკარგულიყო. საპატარძლო კაბა კი თეთრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თანამედროვე და არაგადატვირთული.

რუსა მორჩილაძე:

ნუცა ბავშვობიდან ჩემს სახლში გაიზარდა. იმდენად მონდომებული და მოტივირებული იყო, მაკვირვებდა, სულ მეცადინეობა უნდოდა. შეიძლებოდა, ღამის ორ საათზე სადარბაზოსთან დამხვედროდა, მამეცადინეო (იცინის). ნუცა, დაღლილი ვარ-მეთქი, რომ ვეუბნებოდი, მერე რა, ცოტა ხანს მამეცადინე და დაიძინეო, მიპასუხებდა. დილის ცხრა საათზე მოვიდოდა, რომ ემეცადინა.

ძალიან ჭკვიანი გოგოა, ფორტუნიანი, მისი ენერგია წარმატებებს იზიდავს და ასეთ ხელოვანთან ყველას უხარია მუშაობა. მისცემ სიმღერას, კარგად შეასრულებს, მოუვლის, შეფუთავს.

ეს სიმღერა განსაკუთრებულია. არ გაგიჭირდათ მისი გაჩუქება?

არ მგონია, რომ სხვანაირია. მე მელოდისტი ვარ. შეიძლება, ასეთი სტილის სიმღერა დიდი ხანია, არ დამიწერია, რადგან ახლა ყველა საკლუბო სიმღერებზეა გადასული, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი მუსიკა ეს არის.

ზაზა ორაშვილი:

დამაფიქრეთ… განსხვავებულია ეს კლიპი ჩემი ხელწერისგან? არ მგონია. მე, როგორც რეჟისორი, ვალდებული ვარ, ჩემი ნამუშევრები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. კმაყოფილი ვიქნები, თუკი იტყვიან, რომ ეს კლიპი განსხვავდება ჩემი სხვა ნამუშევრებისგან.

ნუცა კარგად მუშაობს კამერასთან და ესეც არის განსხვავება, ალბათ…

ბევრთან მიმუშავია და ვიცი, ვის რა მოვთხოვო. არ მქონია შემთხვევა, რომ არტისტს ის არ გაეკეთებინოს, რაც მე მინდოდა. ეს კლიპი კი არის რეჟისორისა და არტისტის სრულყოფილი თანამშრომლობის შედეგი.

ახალგაზრდა თაობა კამერასთან უფრო გახსნილი და უკომპლექსო არ არის?

ეს ძალიან კარგი მომენტია, როცა თაობის წარმომადგენელი კამერის წინ არის ისეთივე თავისუფალი, როგორი თავისუფალიც ცხოვრებაშია. უკეთესი მაგალითი იქნება თავისი და სხვა თაობისთვისაც, რომ უფრო თავისუფლები გავხდეთ.

ნუცა ბუზალაძე:

უამრავი ხალხი დავპატიჟე, ყველა მოვიდა და ჩემი საყვარელი ადამიანები ესწრებოდნენ ახალი ალბომის პრეზენტაციას. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს ჩემ მიმართ.

გადავწყვიტე, რადგან 22 წლის ვარ, ალბომისთვის 22 დამერქმია და მისი პრეზენტაცია 22 მარტს გამემართა. ეს სასიამოვნო დამთხვევა გამოდგა და იღბლიანიც აღმოჩნდა. მახარებს, რომ დღევანდელმა საღამომ ასეთი წარმატებით ჩაიარა.

ფოტო: ილია ბაბურაშვილი

ნინო მურღულია

 

https://www.facebook.com/BaddestQ/posts/2147279698654308?__xts__[0]=68.ARCs96tWNhcP75gbIskYzYnEbRiQAG81H3f7r6R1GR7hj7uq7IghU-8rVDLDqkFmhAjHQay_3UGnC8ZRaqLl_GC5PtynHlso9FrLh2WJSeZqFQb69ygdhxzg_K3OHAdc66z6w9uPMwDqIPxnL1Wxi9-tB3Al30zm8tgjmttdsGa-DmE0JFN1ZF34WWVoPd_JV0SzxdNbsq5qdEmjuFV-WsDPdmTUmo85NGtnd3zcsYK8tRvQdOMOGb7_SV4v5a5k_YdTznioZA8T5WW_PLUp4xuBgDJPfS0YfQtz&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები