LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ შემოდგომაზე ქათმებს დაითვლის – პოლიტიკოსებს წაკითხულის გაგების პრობლემა აქვთ?

171
6E6C031F-421A-483A-A96E-DEDDF87687B5-cx0-cy4-cw0-w1200-r1

ქართული პოლიტიკა თითქის ორთვიანი პაუზის შემდეგ გამოცოცხლდა. პოზიციამ და ოპოზიციამ ჩვეულ სტილში დაადანაშაულეს ერთმანეთი და 8 მარტის ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთისკენ გაიშვირეს ხელი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 8 მარტის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური გუნდი სხვადასხვაგვარად კითხულობს. სახელწიფო ინტერესები ზიანდება, მაგრამ  უკან დახევას არც ერთი მხარე არ ფიქრობს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რომელ პოლიტიკურ გუნდშია პრობლემა და რომელ გუნდს უჭირს წაკითხულის გაგება?

 

პოლიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან კვლავ „ქართული ოცნება“ გამოვა გამარჯვებული. 

„რაც ქართულ პოლიტიკაში დღეს ხდება, სამწუხაროდ, ზოგადად პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი. დიდი ხნის დემოკრატიის ქვეყნებშიც კი პოლიტიკოსებზე მაღალი წარმოდგენის არ არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსი ქვეყანაზე კი არ ზრუნავს, არამედ პირადი ინტერესები და საუკეთესო შემთხვევაში ჯგუფური ინტერესები ამოძრავებს. გასაკვირი ამაში არაფერია.

რაც შეეხება ქართულ პოლიტიკაში დღევანდელი დღის მოვლენებს, დამაჯერებლად არ მიმაჩნია და მგონია, რომ პოლიტიკური ქარიშხალია ჭიქაში ატეხილი. სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან. ჯერ ერთი, დაკავებული ადამიანების ბიოგრაფია ვინც იცის, მათი დაპატიმრება პოლიტიკურ ინიციატივად არ მიაჩნიათ. მეორეც, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა პოლიტიკურ პროცესებზე არსებით გავლენას ვერც ახდენდნენ“, – აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, რვა მარტის ხელშეკრულებას რატომ კითხულობენ სხვადასხვაგვარად, ქართულ პოლიტიკაში წაკითხულის გაგების პრობლემა ხომ არაა, რამაზ საყვარელიძე პასუხობს:

„ხელშეკრულებას, ვისაც როგორ აწყობს, ისე კითხულობს. ქოთანს საიდანაც გვაწყობს ყურს იქიდან გავუკეთებთო, ამბობენ. რასაკვირველია, ზიანდება სახელმწიფო ინტერესები. ამერიკელი სენატორების შეფასებით, საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს. ორივე მხარე კარგად ხვდება ამ ყველაფერს, მაგრამ გასდით და აკეთებენ. ბავშვს რომ ჰკითხეს, რატომ ტირიხარო, უპასუხა, გამდის და ვტირიო. რამდენი რამ გააკეთა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ: ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები შეწირა ამ ყველაფერს, რუსებს გადასცა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და ხალხს ამ ყველაფერზე ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა 2012 წელს. ჩემდა გასაკვირად ხალხი არ აღმოჩნდა ბოლომდე ერთსულოვანი და 15-20 პროცენტი მაინც უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი ბიუჯეტიდან მაინც იღებენ თანხას, რომელიც ოპოზიციურ პარტიას ეკუთვნის. გაუვიდათ მათ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ხელისუფლებას ამ ყველაფერზე ყური არ შეუბერტყია და გააგრძელებენ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას, რა უშლით ხელს?

შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე  „ქართული ოცნება“ შემოდგომაზე ქათმების თვლაზე გადავა. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია ამ გამწვავებითაც შეცდომას უშვებს. კორონავირუსით დაღლილ საზოგადოებას სისულელეებზე უგლიჯავს ნერვებს. ოპოზიციამ, რომელმაც, შეიძლება ითქვას, თითიც არ გაანძრია, როცა ამ საზოგადოებას უჭირდა.

თქვენ რომ ჩემი დახმარება გინდოდეთ, ვერ მოახერხებთ? სახელმწიფო ხელს შეგიშლით? მათ დახმარების სურვილში იმის მეასედი ფანტაზია რომ დაეხარჯათ, რასაც პოლიტიკური ხაფანგების მოფიქრებაში ხარჯავენ, დღეს ხალხი მათი მადლიერი იქნებოდა და მათ პრეტენზიებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებდნენ. ალბათ, უფრო მეტ ანგარიშსაც გაუწევდნენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას. საგანგებო მდგომარეობის დროს მათ სიკეთე არ გაუკეთებიათ და იმ ექიმებს, ვინც საქმეს აკეთებდნენ, ლამის ცხოვრება შეაძულეს. ამ ფონზე ჩემთვის გაუგებარი იქნება, რა ლოგიკით უნდა მიიღონ პოლიტიკური დივიდენტები ამ პარტიებმა“,  – განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ კარანტინში მყოფ საზოგადოებას პოზიციაც და ხელისუფლებაც ნერვებს აწყვეტს და ამაზე დიდად არც დარდობენ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალაუფლებისთვის ლტოლვამ ხალხი იქამდე მიიყვანა, რომ ზნეობის ელემენტარულ ნორმებს არღვევენ.

„პოლიტოლოგი არ ვარ, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, 8 მარტს ხელი მოაწერეს იმას, რომ პოლიტიკა არ უნდა  ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს არის ერთი და იგივე სიტყვების სხვადასხვანაირი გაგება. თუმცა იმდენს კამათობენ, ბოლოს და ბოლოს, რა არის ხელმოწერილი, გაურკვეველი რჩება.
ორივე გუნდი თავის სიმართლეს ამტკიცებს და მოსახლეობას გაუჭირდება ჭეშმარიტების გაგება.
კარანტინის შემდეგ გაცოცხლებული ქართული პოლიტიკა, მოსახლეობას ნერვებს უფრო აწყვეტს.

მეჩვენება, რომ ხალხი არის ცალკე  და ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება – ცალკე. ქართულ საზოგადოებას, რბილად რომ ვთქათ, ეს პოლიტიკა აღარ აინტერესებს და ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, ფიქრობს ლუკმა-პური როგორ იშოვოს. პოლიტიკაზე ფიქრობს ძალიან მცირე ნაწილი, როგორც მათ უცხოეთში ეძახიან „პოლიტიკური პარტიზანები“, ანუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი. მათი რაოდენობა საქართველოში ძალიან მცირეა. მგონია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში ხმების უმეტესობას მიიღებს „ქართული ოცნება“. გაცილებით ნაკლებს, დაახლოებით 10 პროცენტს „ნაციონალურ მოძრაობა“, მაგრამ ბევრი ხმას სხვა პოლიტიკურ ძალას მისცემს. თუ გავიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენი პარლამენტი გახდება ძალიან ჭრელი და ბევრი ახალი სახე იქნება და ეს ძალიან კარგია“, – აცხადებს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ცნობისათვის, ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მსგავ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები