LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ქმარმა დახმარებისთვის მისულ გოგოს სცემა

226
ძალადობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა კაცს, რომელმაც 21 წლის გოგო ქუჩაში სცემა. ის მარიამ ჯუღელს თავს იმის გამო დაესხა, რომ გოგომ ოჯახში ძალადობის დროს მისი ცოლის დახმარება სცადა. მინიმუმ, სასამართლოს განხილვების დასრულებამდე, სავარაუდო მოძალადე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

მარიამ ჯუღელს თავს 19 ივნისს დაესხნენ. შედეგად, მან მიიღო თავის ტვინის შერყევა, ასევე, ყბა აქვს ნაღრძობი.

როგორც მარიამი ყვება, ტაშკენტის ქუჩაზე, სადაც მისი სამსახურის ოფისია, მაღაზიაში გავიდა. ოფისისკენ მიმავალმა კი ყვირილი გაიგო. ითხოვდნენ შველას, პატრულის გამოძახებას. დასახმარებლად მისულს ბინის კარი ღია დახვდა, სადაც ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ტიროდნენ, იქვე იყო კაციც, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა. ბინაში იყვნენ დასახმარებლად მისული სხვა ადამიანებიც. მარიამ ჯუღელის თქმით, სავარაუდოდ, მეზობლები და ახლობლები.

ის ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც აგრესიულმა კაცმა ბინა დატოვა, მეზობლებთან ერთად თვითონაც წამოვიდა და სამსახურში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა კაცი სადარბაზოსთან შეხვდა და ეკითხებოდა ვინ იყო, საიდან მოხვდა მის სახლში. მარიამის თქმით, მეზობელმა, რომელსაც მანამდე აუხსნა, რომ ამავე ეზოში მისი სამსახურის ოფისი იყო და არა საცხოვრებელი სახლი, კაცი სადარბაზოში შეიყვანა და თვითონაც წავიდა.

“გავაგრძელე გზა და დაახლოებით ერთ წუთში გავიგონე ყვირილი და დავინახე როგორ გამორბოდა ის კაცი ჩემი მიმართულებით, თან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩავთვალე, რომ გაქცევა უფრო საშიში იქნებოდა, ამიტომ ვარჩიე ადგილზე დავრჩენილიყავი და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც არ მქონია რეაგირება, რადგან უფრო მეტად არ გაღიზიანებულიყო. როცა მომიახლოვდა, პირველი, რაც გააკეთა, მარცხენა ხელში ჩამარტყა მარჯვენა ხელი. ხელში რაც მეჭირა – ტელეფონი, საფულე და ყველაფერი, რაც მაღაზიაში ვიყიდე, ძირს დამიცვივდა. შემდეგ გამეტებით მირტყამდა მუშტებს სახის და თავის არეში. ხელები ავიფარე და ვცდილობდი ცხვირი და თვალები დამეფარა, ამიტომ სახეზე შესამჩნევი დაზიანებები არ მაქვს. ძირითადი დაზიანებები არის ყბების და თავის არეში”, – ამბობს მარიამ ჯუღელი.

 

პატრულისა და ექიმების გამოძახება მეგობრის დახმარებით შეძლო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, გამოკვლევების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ  ნაღრძობი აქვს ყბა, დაზიანებულია თვალი და მიიღო თავის ტვინის შერყევა.

პოლიციამ ბრალდებულის სახელზე შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომელიც კაცს მარიამთან მიახლოებას უკრძალავს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მარიამი ითხოვს, რომ გამოძიებას დაემატოს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილიც.

ბრალდებული შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 27 ივნისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივნისს იმსჯელა. კაცს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები