„ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარება საგანგაშოა. აქ კორინავირუსის დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა ვერ მოხდება“ – ამის თემაზე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით ამ ეტაპზე აფხაზეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში  უკონტროლო იყო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, ასევე აქტიურად მიმდინარეობდა შიდა გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები.

„საფრთხე მაღალია და პირველ რიგში ეს განპირობებულია იმით, რომ უამრავი ხალხი შემოვიდა აფხაზეთში ისეთი რეგიონიდან, როგორიცაა კრასნოდარის მხარე. გარდა ამისა, აფხაზეთში რთული ვითარებაა, რადგანაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ

მისი თქმით, რთულია იმაზე საუბარი, დღეს რამდენი დაავადებული ადამიანია აფხაზეთში, ვინაიდან აფხაზეთსა და ცხინვალში კორინავირუსის დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს.

ხშირად მეკითხებიან რამდენი ადამიანია დღეს დაავადებული აფხაზეთში. ვერ გეტყვით და ვერც ვერავინ გეტყვით შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო. საგანგაშოა სიტუაცია, თუნდაც იმიტომ, რომ შესაბამისი ინფრასრუქტურა არ არსებობს. ციფრს ვერ დავასახელებ. იქ არ არიან ინფექციოლოგები და ეპიდემილოლოგები, აქედან გამომდინარე არავინ არ აწარმოებს აღხვას– განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი ვარაუდით, უნდა ველოდოთ დაავადებული ადამიანების ნაკადს დე ფაქტო აფხაზეთიდან. მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ თუ აფხაზეთში ეპიდემიამ იფეთქა, მოაწყდებიან ე.წ საზღვარს იმიტომ, რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე ფაქტორს.

“აფხაზეთში, სამედიცინო დაწესებულებაში მისული ადამიანი, რომელიც თავს გრძნობს დაავადებულად და იკეთებს შესაბამის ანალიზს ეს ხანგრძლივი პროცედურაა, ვინაიდან ბიოლოგიური მასალა იგზავნება კრასნოდარში. უზარმაზარი გზაა იქამდე. პასუხს რამდენი ხანი დააგვიანდება არავინ იცის. ამის გამო ბევრად უფრო მოქნილი და კომპაქტურია ზუგდიდში გადმოსვლა, მითუმეტეს იციან ქართული მედიცინის შედარებით მაღალი დონე და ისიც, რომ მკურნალობა ნაკლები ფასი დაუჯდებათ. აქედან გამომდინარე ჩვენ ნაკადს ოკუპირებული აფხაზეთიდან უნდა ველოდოთ არა მხოლოდ ქართველებისა, არამედ აფხაზებისა. თუ ეპიდემიის მასშტაბური საფრთხე შეიქმნება, პოლიტიკური სპეკულაციის დრო არავის ექნება”,-აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთიც დაკეტა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების და პრევენციის თვალსაზრისით ოკუპირებულ ცხინვალში სიტუაცია ბევრად უფრო კრიტიკულია ვიდრე დე ფაქტო აფხაზეთში.

ცხინვალიდან ბევრი ადამიანია გასული, რომლებმაც თაი შეაფარეს ჩრდილო ოსეთს. როგორც ჩანს ემზადებიან იმისთვის რომ ვირუსი გავრცელდება. სამედიცინო თვალსაზრისით, აქ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ როგორც ჩანს თავი გაარიდეს“,– აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ რამდენიმე რუსულ სამხედრო ბაზაზე, სადაც დაახლოებით 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა ვირუსის გავრცელებას ელოდებიან.

„რუსულ სამხედრო ბაზებზე აქტიური მიმოსვლა იყო ჩრილო ოსეთიდან, აქედან გამომდინარე ინფექციის შეტანას და გავრცელებას ვარაუდობენ“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, ქართული მხარე აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პაციენტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან.

მსგავსი თემები