LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება: ნაადრევი სიხარული თუ 2020-ის ახალი რეალობა

223
ოპო

ჯერ იყო და ხელისუფლება გვარწმუნებდა, მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდნენ, თორემ პროპორციული საარჩევნო სისტემა თქვენზე მეტად გვინდოდაო. ჩვენც ვითომ დავიჯერეთ, რომ ხუნდაძე-ბერაია უფრო მეტია, ვიდრე ივანიშვილი. ეს არ იკმარეს და მერე ამერიკელი პარტნიორების მწვავე წერილებზე გვიმტკიცებდნენ, ინფორმაცია არ აქვთო, ოპოზიციამ შეცდომაში შეიყვანაო, სტრატეგიული პარტნიორები წერილებით არ საუბრობენო. ზოგმა საერთოდ კონგრესმენების დათვლა დაიწყო და თითო-ოროლა კონგრესმენის წერილს რა მნიშვნელობა არ აქვსო. ჰოდა, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძეს რომ „თითო-ოროლა“ კონგრესმენი ჰგონია, „ბოლო სერიაში“ აღმოჩნდა, რომ მთლად „თითო-ოროლაც“ არ ყოფილან.

ისე მოხდა, რომ მწვავე წერილებს მალევე საქართველოში აშშს-ის ახალი ელჩიც მოჰყვა. კელი დეგნანმა არც აცია, არც აცხელა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. რაზე ილაპარაკეს, ჩვენ საიდან გვეცოდინება, მაგრამ ის ვიცით, რომ მწვავე წერილებისა და ქვეყანაში კელი დეგნანის ჩამოსვლის კვალდაკვალ, ის საარჩევნო სისტემა მივიღეთ, რომელიც პროპორციულთან ყველაზე ახლოსაა და რომლის მიღებას მმართველი გუნდი არათუ არ აპირებდა, ქვეყნისთვის საზიანოდაც კი მიიჩნევდა.

120/30 - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან "ჩამკეტზე" შეთანხმდა

120/30-ზე – ანუ 120 დეპუტატი პროპორციული წესით, 30 კი მაჟორიტარულით აირჩევა. არადა, სულ რაღაც 4-5 დღის წინ ივანიშვილის გუნდი 100/50-ს ფეხს არ უცვლიდა. ამ პირობებს ემატება 1%-იანი ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ პარტიების დიდი ნაწილი პარლამენტში შევა და 40%-იანი ზღვარი, რაც ე.წ. ჩამკეტის ფუნქციას ასრულებს. უფრო კარგად რომ გითხრათ, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. შეთანხმებას ელჩებთან არაფორმალური შეხვედრები უძღოდა წინ. ოპოზიცია ამ შედეგს საზოგადოებას ულოცავს და ფაქტობრივად, ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება, მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ აქამდეც ასე ფიქრობდნენ და უხარიათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. არადა, თითქოს 100/50-ზე უფრო უხაროდათ.

რადიო „ფორტუნა“ დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით დაინტერესდა და შეეცადა, გაერკვია, ნაადრევია თუ არა ოპოზიციის სიხარული და რა შეიძლება გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის.

ჩვენ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ. ის აცხადებს, რომ შეთანხმება თავისთავად კარგია და ამ საქმეში დიდი წვლილი რომ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას აქვს, ამაზე შეკითხვებიც არ არსებობს.

„ფაქტია, რომ ისინი მუშაობდნენ და მოქმედებდნენ, მათი მხრიდან ზეწოლა იყო არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიმართაც. ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, ასე თუ გაგრძელდებოდა, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. კარგია, რომ მიაღწიეს შეთანხმებას. ეს არის ოპტიმალური ვარიანტია. რაც შეეხება იმას, არჩევნების რა შანსები რჩება „ქართულ ოცნებას“, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. არ ვიქნებოდი ისეთი ოპტიმისტი, როგორიც არის ოპოზიცია.

ხალხის დიდ ნაწილს უნდა, მე ჩავერთო პოლიტიკაში, ამის საშუალებაც უნდა მომეცეს – სააკაშვილი

გასაგებია, რომ ოპოზიცია ანგარიშობს ჯამურად, მაგრამ რაც მიიღო, ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაჟორიტარების ნაწილზეც შეთანხმება საკმაოდ რთული იქნება.

ჯერჯერობით ორივე მხარის, ოპოზიცია-ხელისუფლების შანსები დაახლოებით ერთ დონეზეა. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნება” მოიგებს, მაგრამ 40%-ით, ანუ ის მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, მაგრამ ის პრობლემის გადაჭრას კოალიციის შექმნით შეეცდება“, – აცხადებს ძაბირაძე.

როგორც ექსპერტმა გვითხრა, პირველ ადგილზე გასულ პარტიას 90%-იანი შანსი აქვს, კოალიცია შექმნას.

„თუ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა, მათ მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებასაც კი არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს ყველაზე ბოლოს. 1%-იანი ბარიერი ნიშნავს, რომ ბევრი პატარა პარტია შევა პარლამენტში. კოალიციის შექმნაზე მმართველი გუნდი ნებისმიერ ძალასთან ითანამშრომლებს“, – ამბობს ძაბირაძე.

ექსპერტი პოლიტპატიმრების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ადგილზე ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპულობას გამოიჩენდა.

„მე რომ მკითხოს კაცმა, იმ ოთხეულს გავათავისუფლები, ვის სახელებს და გვარებსაც ასახელებენ. ამ პოლიტიკურ ფიგურებს არ აქვთ იმხელა გავლენა, რომ საარჩევნო პროცესებზე გავლენა მოახდინონ, ამიტომ „ქართული ოცნებისთვისაც“ კარგი იქნებოდა მათი გათავისუფლება“, – აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიღწეულ შეთანხმებას გამარჯვებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს ახლა ოპოზიციამ უნდა განავითაროს.

ხელისუფლება-ოპოზიციას შორის გაფორმებული დოკუმენტის მიუხედავად, ნოდია სამართლიან არჩევნებს მაინც არ ელოდება.

„ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად სამართლიან არჩევნებს უნდა ველოდოთ: ასეთი რამ საქართველოში არასოდეს მომხდარა. სავარაუდოდ, ივანიშვილის რეჟიმი გამოიყენებს ზეწოლის და მოსყიდვის ჩვეულ ხერხებს. ეს მას მისცემს ფორას, მაგრამ ეს ფორა გადამწყეტი არ უნდა იყოს. თუ ამ პირობებში ოპოზიციამ (ვგულისხმობ სხვადასხვა პარტიებს, რომლებიც არჩვნების პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე იყრიან კენჭს) ვერ მოიგო და კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ შეძლო, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება“, – აცხადებს გია ნოდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები