LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ ?! – ვინ თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს

107
ელისა 2

ქართული ოპოზიცია რომ ძალიან ჭრელია და თითოეულ პარტიას ზოგჯერ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს – ეს ახალი არ არის. სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ბევრი პოლიტიკური სუბიექტი კი ჩვენნაირი ქვეყნისთვის ალბათ კარგია, მით უმეტეს, ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ფუნდამენტურ საკითხებზეც კი განსხვავებულად ფიქრობენ.  ამიტომ, ამ რეალობაში პოლიტიკური სცენის სიჭრელე არჩევანის მრავალფეროვნებას ნიშნავს და ეს, თავისთავად, კარგია.

სამწუხაროდ, ამ სიჭრელეში ზოგიერთ ოპოზიციონერს თვალები ისე აუჭრელდა, ხან რომელ კედელს ეჯახება და ხან – რომელს. ძირითადად კი, მაინც „ხალხის კედელთან“ აქვს უპერსპექტივო ომი. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ ოპოზიციის განსხვავებული მოსაზრებები ბოლო დღეებში ისეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ცხარე დისკუსია ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მივიდა.

ამიტომ რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა არა ცალკეული პარტიის წარმომადგენლებს, არამედ ექსპერტებს და პოლიტოლოგებს შეეფასებინათ ჩვენი პოლიტიკური რეალობა, არის თუ არა დღეს ტრაგი-კომიკური სიტუაცია ანუ არის თუ არა ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ოპოზიცია ბრძოლის განსხვავებულ გზას ირჩევს.

„დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიციაში ზოგიერთი თვლის, რომ პარლამენტში შესვლაა აუცილებელი და თუ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ამას დიდ პრობლემად არ თვლიან, მეორე კი მიიჩნევს, რომ ბოიკოტი და ქუჩაში ბრძოლა უკეთესია. ანუ ფაქტია, ოპოზიციაში ორი განსხვავებული მიდგომა არსებობს. ვხედავთ, რომ ერთმანეთს ადანაშაულებენ, აგენტობაში, მოსყიდვაში და ა. შ. ამას ვხედავთ ჩვენ არა მხოლოდ ახლა, წლებია.

მათი როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან ტრიპაჩი: "ქართული ოცნების" წევრები ოპოზიციის დაპირისპირებას აფასებენ

მმართველი პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ გუშინდელი დაპირისპირებით, ოპოზიციამ მათი რეალური სახე და მოჩვენებითი ერთიანობა გამოავლინა.

ოპოზიცია რომ ერთიანი არ იყო, ამას თავადაც ამბობდნენ. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ გაერთიანდნენ ერთი მიზნით, რომ არჩევნები გაყალბდა. უბრალოდ გამოსავალში – ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ოპოზიცია, რომელიც თვლის, რომ ფეხი არ უნდა მოიცვალოს და ბოიკოტი გაგრძელდეს, აქვთ არგუმენტი, რომ ეს ბრძოლა შედეგს გამოიღებს? თუ მათ აქვთ არგუმენტი, რომ ვაიძულებთ ხელისუფლებას, დანიშნოს ხელახალი არჩევნები, კი ბატონო. მე ეს არგუმენტი, სიმართლე რომ ვთქვა, ვერ დავინახე. ფაქტია, ამ დროისთვის, პარალმენტის ლეგიტიმაციის თემა არ დგას“, – აცხადებს ძაბირაძე.

უფრო მწვავე იყო შეფასებებში ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ღიად ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი პირდაპირ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს.

როგორც ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა, ზოგჯერ „მოქალაქეების“ ლიდერის არგუმენტები ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ მისი საქციელი, ექსპერტის თქმით, ყოველგვარ ღირსებას სცილდება.

დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და კინკლაობა: ელისაშვილი მზად არის საჯაროდ შეხვდეს “ოცნებას” და კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე იმსჯელოს

„ქვეყნის ისტორიაში, ბევრი პოლიტიკოსი იქცეოდა ცუდად, მაგრამ რაღაც თამაშის წესების დაცვის იმიტაციას მაინც ახდენდნენ. ელისაშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა. მისი მოქმედებები და საუბარი, ფაქტია, მიმართულია იქითკენ, რომ: ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იგრძნოს თავი. მას თუ შესვლა უნდა პარლამენტში, შევიდეს. სხვა პარტიებს სხვა სტრატეგია აქვს და გაანებოს თავი“, – ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტი დანარჩენ ოპოზიციასაც აკრიტიკებს და თვლის, რომ ისინი არ უნდა შევიდნენ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში , რადგან ამით საბოლოოდ ყველა ხელისუფლების საქმეს აკეთებს.

პოლიტოლოგი-  ხათუნა ლაგაზიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმ სანახაობით რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ამომრჩევლის იმედგაცრუების ხარისხი გაიზრდება. 

„ეს „ოცნების“ თამაშია, მათი დღის წესრიგით თამაში. მერე გაუკვირდებათ, ბიძინა რატომ წავიდაო. იმიტომ რომ დარწმუნებულია, მის ბიჭებს ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ჯერჯერობით, ფაქტია, ეს მოლოდინი უმართლებს“, – აცხადებს ლაგაზიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლას, ალეკო ელისაშვილი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. „გირჩის“ ის ნაწილი კი, რომელიც ასევე პარლამენტში შესვლას აანონსებდა, ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები