ანჯელინა ჯოლის დაბრუნება და ხოაკინ ფენიქსი „ჯოკერის“ როლში – გთავაზობთ ოქტომბრის საუკეთესო პრემიერებს, რომელთაც დიდი ხანია ელის მაყურებელი.

ჯოკერი“ (Joker) – ფილმი, რომლის საპრემიერო ჩვენება ვენეციაში შედგა, კრიტიკოსებმა „ჯოკერზე“ შექმნილი ისტორიების საუკეთესო ინტერპრეტაციად აღიარეს. მართალია, ადრე პერსონაჟის სამაგალითო შემსრულებლად ჰიტ ლეჯერი ითვლებოდა, მაგრამ ახლა მისი ადგილი ხოაკინ ფენისქსმა დაიკავა, რომელმაც სპეციალურად როლისთვის 24 კილოგრამი დაიკლო და თითქმის მთელი წელი მოანდომა ჯოკერის „საფირმო“ სიცილის დახვეწას.

„წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ (A Rainy Day in New York) – მართალია, მუშაობა ვუდი ალენის რომანტიკული კომედიაზე 2017 წელს დასრულდა, მაგრამ დისტრიბიუტერმა Amazon Studios-მა გარკვეული პერიოდით გადადო მისი გამოშვება. შეყვარებული წყვილის ისტორია, რომელიც ნიუ-იორკს სტუმრობს რომანტიკული უქმეების მოსაწყობად, მაყურებელს სელენა გომესმა, ჯუდ ლოუმ, ელ ფლემინგმა და ტიმოტი შალამმა წარუდგინეს.

„მალიფისენტი: ბნელეთის მბრძანებელი“ (Maleficent: Mistress of Evil) – რეჟისორობითა და ვოლონტერული საქმიანობით გატაცებულმა ჯოლიმ, რომელიც ბოლო წლებში იშვიათად ჩნდება ეკრანზე, გამონაკლისი „მალიფისენტის“ ზღაპრისთვის დაუშვა და ისტორიის მეორე ნაწილში მონაწილეობას დათანხმდა,  რომელიც ბნელეთის ფერიისა და მომავალი დედოფლის რთულ ურთიერთობაზე მოუთხრობს მაყურებელს. პარტნიორობას ახალ ფილმში ჯოლის მიშელ პფაიფერი, ელ ფლემინგი და ჩივეტელ ეჯიოფორი გაუწევენ.

„არაქისის შევარდენი“ (The Peanut Butter Falcon) – „სანდენსის“ წლევანდელი ფესტივალის აღმოჩენად დაუნ ახალგაზრდაზე შექმნილი დრამა იქცა, რომელიც რესტლერობას ოცნებობს. მთავარი როლი ფილმში დაუნის სინდრომით დაავადებულმა, 32 წლის დამწყებმა მსახიობმა ზაკ გოტსაგინმა შეასრულა, რომლისთვისაც „არაქისის შვარდენი“ სადებიუტო ნამუშვარი აღმოჩნდა.

„ოქროს ხელთათმანი“ (Der goldene Handschuh) – ბერლინის კინოფესტივალის რჩეულის, ფეტიჰ აკინის დრამის მოქმედება 1970-იანი წლების გერმანიაში ვითარდება და მაყურებელს სერიული მკვლელის ფრიც ჰონკას ისტორიას მოუთხრობს. ჰაინც შტრუნკას რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, ახალი გამოცდილებაა აკინისთვის, რომელიც მანამდე მხოლოდ სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ამუშავებდა საკუთარ ნამუშევრებში.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები