LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციამ 30 პირი დააკავა – რა ვითარებაა ბათუმში

103
BeFunky-collage (3)

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საპროტესტო აქციაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 7 მაისს დაკავებული 2 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. უწყების ცნობით, დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

„დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

პოლიციის მიერ ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის მეორე მხარეს გადაადგილებისკენ მოუწოდა, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები