LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტები ძალიან ხშირად გვეუბნებიან ფრაზას – არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ვიმატებ! თუ დღის განმავლობაში ხშირად არ გაქვს ნაჭამი, მერე მადასაც ვეღარ აკონტროლებ“ – ენდოკრინოლოგი თინა იორდანიშვილი

372
თინა-იორდანიშვილი

ენდოკრინოლოგმა თინა იორდანიშვილმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ წონაში მატების თავისებურებაზე ისაუბრა და ახსნა, რატომ უჭირთ ადამიანებს წონაში კლება:

„პაციენტები ძალიან ხშირად გვეუბნებიან ფრაზას – არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ვიმატებ, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ასაკთან ერთად ჩვენი ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეც ქვეითდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს ჩვენი ცხოვრების ტემპიც უფრო ადინამიური გახდა, ნაკლებად გადავადგილდებით ფეხით და ა.შ. დღესდღეობით კი მიდის სპორტის და რეგულარული ვარჯიშის პოპულარიზაცია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, პაციენტებიდან გამომდინარე, მაინც ვფიქრობ, რომ ადინამიური ერი ვართ.

დაირღვა ჩვენი კვების რეჟიმიც, მოიმატა სტრესმა, სტრესის დროს კი გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ასევე მადას გვიმატებს, ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობას. უფრო მეტ და მეტ ტკბილეულს რომ ვღებულობთ, პანკრეასს კიდევ უფრო მეტად ვტვირთავთ. რაც უფრო მეტი ინსულინი გამოიყოფა, უფრო მეტად ვიმატებთ წონაში, გაცხიმოვნებული უჯრედი უფრო მეტად რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ და პანკრეასს უფრო მეტად ვფიტავთ და წონაშიც კიდევ უფრო მეტად ვიმატებთ.

როცა ცოტას ვჭამთ, მაგრამ წონაში ვერ ვიკლებთ – თინა იორდანიშვილი მიზეზებსა და გამოსავალზე

ეს წრე რომ გავარღვიოთ, რომ არ მოხდეს დაავადების პროგრესი და რომ არ მივიდეთ დიაბეტამდე, პირველ რიგში სწორი კვებითი რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. უნდა შევზღუდოთ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები, ტკბილეულობა და ა.შ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს.

უმჯობესია, ძირითადად დღის პირველი ნახევარი დავტვირთოთ და თუნდაც 3-4-ჯერ შედარებით მცირე ულუფებით ვიკვებოთ და არა ღამით ერთიანად მივიღოთ ბევრი ნახშირწყალი მოშივებულზე. თუ დღის განმავლობაში ხშირად არ გაქვს ნაჭამი, მერე მადასაც ვეღარ აკონტროლებ. რაც უფრო იმატებს ინსულინის დონე, ქვეითდება გლუკოზის დონე. ჰიპოგლიკემიისკენ რომ მივდივართ, უფრო მეტად გვშივდება და ზოგი პაციენტი ამბობს, რომ გონების დაბინდვამდეც კი მიდის, ებინდება მხედველობა, ეწყება შინაგანი კანკალი და ტკბილის მიღების გარეშე ამას ვერ უმკლავდება. სწორედ ეს სიმპტომები მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე და ამის დიაგნოსტირებაც შესაძლებელია, შესაძლოა, რომ გლუკოზის დონე განვსაზღვროთ“ – განაცხადა თინა იორდანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები