თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრის კარი მაყურებლისთვის ისევ გაიღება. პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონი ახალი სპექტაკლით გაიხსნება და მისი საპრემიერო ჩვენებები 3, 4, 10 და 11 აპრილს შედგება. ამჯერად, მაყურებელი საყვარელი თეატრის სცენაზე ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაული და სასჯელი“ იხილავს. ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე და თემო კუპრავა არიან, სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს კი ახალგაზრდა მსახიობი ნიკა კუჭავა თამაშობს, რომელიც უკვე 16 წელია სცენაზეა და არა ერთი საინტერესო და გამორჩეული როლი შექმნა.

როგორ ემზადება მსახიობი პრემიერისთვის, რა ფიქრობს ახალ სასცენო პერსონაჟზე, რა ასწავლა მას პანდემიამ და სად ხედვას თავს 20 წლის შემდეგ – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც ნიკა კუჭავამ FORTUNA.GE-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა.

– როგორ ემზადებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თეატრის სცენაზე დაბრუნებისთვის?

ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთი წელი უმოქმედოდ ვიყავი, როგორც წესი საკუთარ თავზე სახლშიც ვმუშაობ ხოლმე და არასდროს ვჩერდები. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში ძალიან დამაკლდა ეს არის ყველაზე მთავარი – ჩვენი მაყურებელი. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ენერგიის გაცვლა მსახიობსა და მაყურებელს შორის და როცა ამას ვეღარ აკეთებ, ეს არის საშინელება. თუმცა, პანდემიის დროს, ჩვენს დასს რეპეტიციები, ასე თუ ისე, მაინც ჰქონდა. პანდემიის დაწყებიდან, პირველი 2-3 თვე ვიყავით ცოტა ხნით გაჩერებულები, შემდეგ ნელ-ნელა განვაახლეთ რეპეტიციები და დავიწყეთ მუშაობა ფიოდორ დოსტოევსკის ძალიან საინტერესო რომანზე „დანაშაული და სასჯელი“, რომლის პრემიერაც სულ მალე გვექნება.

-ვინ არის თქვენი ახალი გმირი და რითია ის საინტერესო თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის?

საერთოდ, ნებისმიერი გმირი, რომელზეც ვიწყებ მუშაობას ჩემთვის არის საინტერესო. არაფრით არ ვეთანხმები იმ ნათქვამს, რომ დიდი და პატარა როლი არ არსებობს, ძალიანაც კარგად არსებობს. დიდი და პატარა მსახიობიც არსებობს და დიდი და პატარა როლიც. ერთნაირი პერსონაჟი მე არც შემხვედრია, შეიძლება რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ძალიან განსხვავებულები არიან.

რაც შეეხება უშუალოდ ამ გმირს, აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟია – პორფირი, რომელიც გამომძიებელია, გახსნის საქმეს და იჭერს მთავარ გმირს – რასკოლნიკოვს. პორფირი ასაკით ჩემზე უფროსია, თუმცა ფიზიკურად მაინც და მაინც არ შეგვიცლია ჰაბიტუსი, გადავწყვიტეთ, რომ კარიკატურული არ ყოფილიყო. ვიზუალური მხარე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია ამ პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობა. რამდენად საინტერესო გამოვიდა ეს ყველაფერი, ამას რამდენიმე დღეში ჩვენი მაყურებელი შეაფასებს, თუმცა, მგონია რომ საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი უნდა იყოს. ძალიან კარგი მსახიობები თანაშობენ, ვიმუშავეთ წყნარად, არ გვეჩქარებოდა არსად…

-რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში? რაიმე ახალი გატაცება ხომ არ აღმოაჩინეთ?

ჩემთვის პანდემიის აღმოჩენა იყო მცენარეები. აგარაკი მაქვს, შინდიანი ველები – ასე ჰქვია. პანდემია რომ დაიწყო, კომენდანტის საათი და აკრძალვები, დროებით იქ გადავედი საცხოვრებლად. პირველი რამდენიმე თვე ვისვენებდი, ამოდიოდნენ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები და ვერთობოდით ერთად. თუმცა, მერე მივხვდი, ასე უმოქმედოდ ყოფნა ძალიან დამღლელია და დავიწყე აგარაკის ეზოში რაღაცეების დარგვა, მაგალითად, ყვავილები, პამიდორი, კიტრი…შევისწავლე მთელი სამთო-ქიმია, ვიყიდე შესაწამლი აპარატი, მოკლედ ამ საქმემ ძალიან გამიტაცა, იმდენად რომ, როდესაც თბილისში დავბრუნდი, აქაც ვიყიდე 15 სხვადასხვა სახეობის ქოთნის ყვავილი და ახლაც ვუვლი მათ.

სხვათა შორის, პანდემიის დროს, ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა, ჩემმა კოლეგამ იპოვა თავისი თავი ახალ სფეროში, ახალ საქმეში. მეც მქონია შემოთავაზებები მათი მხრიდან, რომ სხვა საქმეში მეცადა ძალები, უფრო მაღალანაზღაურებადში, თუმცა მე პროფესიის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასები თეატრის მსახიობებს აქვთ და ამით ვერ იცხოვრებ… თუმცა, არ ვწუწუნებ, ფეხი შევდგი თუ არა ამ სფეროში, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს არ არის ფულის გასაკეთებელი პროფესია, თუ რაღაც არ შეიცვალა და მაგალითად, კინოინდუსტრია არ აყვავდა.

როლი, რომელსაც არასდროს შეასრულებდით?

ასეთი არ არსებობს. ყველა როლი მინდა ვითამაშო, საერთოდ რაც კი არსებობს, ყველა როლის მოსწრება მინდა. უინტერესო როლი არ არსებობს. უინტერესო შეიძლება ნაწარმოები აღმოჩნდეს შენთვის. ნაწარმოებს რომ წაიკითხავ, რაღაცნაირად უნდა იმოქმედოს შენზე, რაღაც შინაგანად უნდა შეიცვალოს შენში. ასევეა სპექტაკლიც… სპექტაკლის ნახვის შემდეგ, რაღაც თუ არ შეიცვალა მაყურებელში, მაშინ ის სპექტაკლი მისთვის არ შედგა. ამიტომ, როდესაც პიესას ვკითხულობ, რომელზეც უნდა ვიმუშაო შემდეგ, თუ პირველივე ჯერზე ვერ დავიჭირე საინტერესო მარცვალი, რასაც ჩავეჭიდები, ამ პიესას აუცილებლად ვკითხულობ მეორედ, მესამედ და საბოლოოდ მაინც ვპოულობ იმ მარცვალს. შემდეგ უკვე, ცხადია რეჟისორთან ერთად, ამ მარცვალს მე თვითონ ვაღვივებ. შენ თვითონვე უნდა გახადო პერსონაჟი და პიესა საინტერესო…

16 წელია, რაც სცენაზე ხართ… როგორც მსახიობს, საკუთარი პროფესიის გასაღები ბოლომდე გაქვთ ნაპოვნი, თუ ჯერ არა?

ცხადია, არა. ვერ უნდა იპოვო – თუ იპოვე, ამით მორჩება შენი პროფესია, აღარ დაგაინტერესებს. ნებისმიერ ახალ სამუშაოში ყოველთვის სხვადასხვა გასაღები გჭირდება. არ არსებობს ერთი გასაღები. ყველაზე საინტერესო პროცესი ჩემთვის სწორედ იმ გასაღების ძიებაა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული როლის შემთხვევაში მჭირდება. ზოგადად, იმისთვის, რომ მსახიობი ძალიან დიდხანს იყოს სცენაზე და შეინარჩუნოს საკუთარი პროფესია, აუცილებელია: შრომა, შრომა და შრომა… შეიძლება გქონდეს ერთი, ორი, სამი ან 4 წარმატებული როლი, მაგრამ თუ მოეშვები შემდეგი სპექტაკლები აუცილებლად ჩაგივარდება, სპექტაკლი თუ არა, შენი როლი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს.  მეც მქონია მსგავსი შემთხვევები, როცა ჩემი თამაში იყო ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული და ეს იყო ჩემი ბრალი, ანუ შრომა დავაკელი. ამიტომ, იმისთვის რომ მსახიობი იყოს წარმატებული აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა და მეორე – გამართლება. უნდა მოხვდე სწორ ადგილას, სწორ რეჟისორთან. შეიძლება ძალიან კარგი რეჟისორი იყოს, შენ – ძალიან კარგი მსახიობი, მაგრამ თანამოაზრეები არ იყოთ. კარგი რეჟისორი და კარგი მსახიობი ყოველთვის ეძებენ გზებს, რომ ერთ აზრამდე და ერთ დასკვნამდე მივიდნენ პიესაზე მუშაობის დროს.

-ქართველი მსახიობებიდან ვის გაუწევდით პარტნიორობას სიამოვნებით?

ბევრია ასეთი, ძალიან ნიჭიერი არტისტები გვყავს. ძალიან ბევრთან ერთად უკვე ვყოფილვარ სცენაზე, მაგალითად, სტუდენტობის პერიოდში გოგი გეგეჭკორთან ერთად, მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი, ვინ არის გოგი გეგეჭკორი და დღეს, ის ქართული თეატრის ისტორიაა. მითამაშია გივი ბერიკაშვილთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, ლეო ანთაძესთან, დათო დვალიშვილთან… სიამოვნებით ვითამაშებდი ზურა ყიფშიძესთან ერთად, მიშა გომიაშვილთან, ძალიან ბევრია ისეთი, ვისთან ერთადაც ერთ სცენაზე დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი. მათ შორის, საქართველოში, სხვადასხვა თეატრში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობია, რომელთან ერთადაც საინტერესო იქნებოდა მუშაობდა. ზოგადად, ძალიან საინტერესოა ახალ ადამიანებთან ერთად თამაში, შეიძლება 10 წელი იცნობდე ადამიანს და სცენაზე აბსოლუტურად თავიდან გაიცნო, პროფესიული კუთხით.

-რას ელით კულტურის ახალი მინისტრისგან და რა ცვლილებები გსურთ განახორციელოს თქვენს სფეროში?

ადამიანები და ამ შემთხვევაში მსახიობები ყოველთვის რაღაცას ელიან, რაღაც ახალს. პირადად მე, ვისურვებდი მსოფლმხედველობის შეცვლას. მინდა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა დაინახოს, რას ნიშნავს კულტურა ქვეყნისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ის. კულტურას ძალიან დიდი ძალა აქვს, ის არის შენი ქვეყნის სახე, თეატრი მით უმეტეს. რატომ უნდა დაგვაფასონ საზღვარგარეთ უფრო მეტად, ვიდრე საქართველოში, რაც ხშირად ყოფილა. მინდა, რომ დაფასება იყოს სწორი, ჩემი კი არა, ან რომელიმე ცალკეული მსახიობის, არამედ თვითონ კულტურის სფეროსი…

-რა ადგილი აქვთ თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს თქვენს ცხოვრებაში?

მათი მხრიდან ყურადღება და სიყვარული ნებისმიერი მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სასიამოვნო და დასაფასებელია. მაყურებლის ძალიან დიდ ნაწილს ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს, უყვარხარ როგორც მსახიობი და პატივს გცემს. ყოფილა ზოგჯერ არაჯანსაღი დამოკიდებულებაც, ცოტა გადამეტებული, როცა ტელეფონის ნომერი გაუგიათ და არ გაჩერებულან, თუმცა მათ სინამდვილეში ჩემი პერსონაჟები უყვართ და არა – მე, ისინი ხომ მე არ მიცნობენ.

-თქვენი აზრით, რატომ არის რთული მსახიობის პროფესიის ადამიანისთვის პირადი ცხოვრების აწყობა?

არ მგონია, რომ რთულია.. ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას, საკუთარი პროფესიის გამო პირადი ცხოვრება ვერ აეწყოს. თუმცა, თუ ასეც ხდება, ეს ალბათ გრაფიკის ბრალია. მსახიობმა არასდროს იცის, როდის ეცლება. მაგალითად, როდესაც რეპეტიცია გაქვს, არ იცი 15 წუთში მორჩები, თუ დღე-ნახევარში. მით უმეტეს, როცა სპექტაკლი ფინიშს უახლოვდება. გარდა ამისა, შეიძლება, უცბად სახლში მიხვიდე და თქვა, რომ 2 დღეში მიფრინავ, არადა უკვე დაგეგმილი გაქვს ოჯახთან ერთად მთელი კვირა. ეს თუ სწორად აღიქვა შენმა მეუღლემ, იცის ვის გაჰყვა ცოლად – მაშინ ყველაფერი რიგზეა,  თუ არადა – მაშინ პრობლემები ჩნდება.

-სად ხედავთ თავს 20 წლის შემდეგ?

თეატრში, თეატრში და მხოლოდ თეატრში… ოღონდ, როგორც მსახიობი და არა როგორც მმართველი, ან მენეჯმენტში მყოფი სხვა პირი. მსახიობმა არ უნდა მართოს თეატრი, ის უნდა მართოს მან, ვისაც ესმის მენეჯმენტი. თეატრის გარდა, ვისურვებდი კინოში თამაშსაც. ადრე ასე არ მინდოდა, თუმცა ახლა უკვე ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე. ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, დრამატურგიულად იყოს საინტერესო და რეჟისორი ჰყავდეს საინტერესო. მეკითხებიან ხოლმე, რატომ არ მიცდია თავი კინოში სხვა რომელიმე ქვეყანაში – ვფიქრობ, რომ თუ კი რამე კარგის გაკეთება შეგიძლია, პირველ რიგში შენს ქვეყანაში უნდა გააკეთო და მერე იფიქრო სხვა ქვეყანაზე.

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: მარი მელიქიშვილი

 

მსგავსი თემები