ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტმა შეადგინა 13,78 ათასი ტონა, რაც 0,88 ათასი ტონით ანუ 6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,66 ათასი ტონა) შედარებით. ქვეყნების მიხედვით, 9 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,20 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 2,15 ათასი ტონა (15,6%), გერმანია – 1,19 ათასი ტონა (8,6%), ირანი – 0,97 ათასი ტონა (7%), და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 43,1 ათასი ტონა, რაც 37,7 ათასი ტონით, ანუ 46,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (80,8 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,3% (34,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,5% (6,7 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 5,1% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან.

საცხებ-საპოხი მასალებისა (საავტომობილო ზეთი) და საავიაციო ნავთის იმპორტის კლება პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან. „თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საავიაციო ნავთის იმპორტთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპამდე სურათი არ შეცვლილა. კერძოდ, დაწყებული მაისის თვის ბოლოდან, საავიაციო ნავთის იმპორტის მაჩვენებელი ფაქტობრივად ერთსა და იმავე ნიშნულზე დგას. რაც შეეხება საცხებ-საპოხ მასალებს (საავტომობილო ზეთი), სიტუაცია გაცილებით უკეთესადაა. კერძოდ, თუ მაისის თვის ბოლოს საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტის კლება წლის გაანგარიშებით 20%-იან ნიშნულზე იდგა, შემდგომ თვეებში შეზღუდვების მოხსნისა და საავტომობილო მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მისი იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს და შედეგიც ციფრების სახით სახეზე გვაქვს (იმპორტის კლება 6%-მდე შემცირდა)”,- აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები