LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პირობებში, სულ უფრო მეტ ბავშვს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება: ”მშობლები განათლებისთვის” განცხადებას ავრცელებს

61
3d renderer image. Empty blackboard with megaphone.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა რთულდება. ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ”მშობლები განათლებისთვის” ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოში Covid 19 – ის ინფექციის გავრცელების პირველივე დღიდან ვაკვირდებით განათლების სისტემის რეაგირებას არსებულ გამოწვევებზე. ვაფასებთ თითოეული სკოლისა და პედაგოგის მხრიდან დისტანციურად სწავლების რეჟიმზე გადასვლის მცდელობას. ვხედავთ, როგორც ცალკეულ წარმატებულ მაგალითებს, ისე განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის მიტოვების რეალური რისკის ქვეშ დგანან.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვირუსული ინფექციის გავრცელებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი სახელმწიფოში არ გვაქვს ახალ რეალობასთან ადაპტირებული სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც  ბავშვებისა და მათი ოჯახების ფიზიკურ და ფსიქიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში.

შედეგად, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს ექმნება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

ჩვენ ვხვდებით მშობლებს, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუსაძლის ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ვხვდებით შშმ და სსსმ – მოსწავლეთა ოჯახებს, რომლებსაც საჭირო მომსახურებებზე წვდომა შეეზღუდათ, რაც ბავშვების მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ვხვდებით, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფესიების წარმომადგენელ მშობლებს, რომელთაც შვილების უსაფრთხოება და პროფესიული მოვალეობის შესრულება სასწორზე უდევთ. ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება აბსოლუტურად ვერ ფარავს.

კრიტიკულად აუცილებელია სახელმწიფოს ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის გეგმა გააჩნდეს, რომელიც პირველ რიგში საბავშვო ბაღებისა და სკოლების ახალ რეალობაზე გადაწყობის ეფექტური საშუალებების დანერგვას მოიცავს.

მშობელთა ასოციაცია მოვითხოვთ, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქების თარიღისა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის წესზე (პროტოკოლზე), რომლის ფარგლებში სახელმწიფო იზრუნებს ფიზიკურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიულ მეთოდებზე, როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთ გზად მივიჩნევთ სხვადასხვა კატეგორიის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით განათლების სისტემაში განსხვავებული მიდგომის დანერგვას, რომლის ფარგლებშიც დაცული იქნება ბავშვებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.

ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სახელმწიფომ იზრუნოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფესიების მქონე დასაქმებული მშობლების ხელშეწყობაზე და სსსმ და შშმ ბავშვებისთვის თერაპიული სერვისების უსაფრთხო და უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე.

სახელმწიფოსგან მოვითხოვთ, მეტი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს საზოგადოების, მოქალაქეების წინაშე; განათლების სისტემის გადაწყობის წესზე (პროტოკოლზე) მუშაობის პროცესი წარმართოს გამჭვირვალედ, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (ექიმების, ფსიქოლოგების, განათლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების) და სამოქალაქო საზოგადოების (მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციები, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები) უშუალო ჩართულობით.” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები