LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის შემაშფოთებელი ტენდენცია: ინფიცირებული ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა რეკორდულად იზრდება

148
image

ევროპაში ყოველდიურად რეკორდულად იზრდება ასაკოვანი ადამიანების კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები. ამ ფაქტს ამერიკული მედიასაშუალება CNN ვრცელ სტატიას უძღვნის და ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ევროპა ვირუსის გავრცელების მეორე ფაზაშია შესული და თუ პანდემიის დასაწყისში ინფიცირებულთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, ახლა მაჩვენებელი შეცვლილია.

ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებისგან განსხვავებით, ხნიერი ადამიანების მასობრივი დაინფიცირება კატასტროფულად გაზრდის გარდაცვალების მაჩვენებელს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გასულ თვეებში დაინფიცირებულთა უმრავლესობა ახალგაზრდა იყო. ისინი ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილას ავადდებოდნენ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდები სტატისტიკურად ნაკლებად არიან თანდაყოლილი დაავადებების მატარებლები, ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც ნაკლები იყო.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპის მინიმუმ 13 ქვეყანაში დაფიქსირდა ახალი კოვიდინფექციის რეკორდული მაჩვენებელი 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში.

ხანდაზმულთა დაავადების სტატისტიკური მაჩვენებელი გაორმაგებულია პირველ ტალღასთან, ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, რუმინეთში, უნგრეთსა და ჩეხეთში.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ხანდაზმულებში ინფექციების მაღალი მაჩვენებლები შემაშფოთებელია, რადგან ასაკოვანი ადამიანები საავადმყოფოში აღმოჩნდებიან და მათი გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად მაღალია.

„როდესაც ინფექცია ხანდაზმულ ადამიანებში გავრცელებას იწყებს, საავადმყოფოები შეიძლება სწრაფად გადაიტვირთოს – ეს მოხდა იტალიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გაზაფხულზე, ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში გარდაცვლილთა თითქმის 88% იყო 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანი“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ინფიცირებული და გარდაცვლილი ხანდაზმული ადამიანების რაოდენობის ზრდას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მორალური გაკოტრება უწოდა და თქვა, რომ ეს პანდემიის ყველაზე მძიმე კატასტროფაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები