LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს, რომელიც ფარული ჩანაწერების კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა

shutterstock_1116463736_5c505aa83458f

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე კიდევ რვა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენ შვიდ პირს კი გირაოთი გაათავისუფლებენ.

ირმა ხოროიშვილსა და სპირიდონ სურამელს 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ, ინგა ხოროიშვილს 2 ათასი ლარის, ხოლო სერგო ირემაშვილს, ბადრი ჩოფლიანს, გიორგი ფარცვანიასა და გიორგი კასრაძეს 5 ათასი ლარის.

სოლომნიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერის youtube-ზე განთავსება სოლომნიშვილის ე.წ. “იუზერით” სხვა პირმა განახორციელა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილ განაჩენს დაუსაბუთებელს უწოდებს.

„გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მოიღო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში. შვიდ ადამიანს, ვისზეც ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ ყველას გირაო შეუფარდა. იგივე მუხლისთვის ედებოდა ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მას პატიმრობა შეუფარდა. სრულიად დაუსაბუთებელია მოსამართლის პოზიცია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ განჩინებას გავასაჩივრებთ კანონით დადგენილ 48-საათიან ვადაში და დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზურაბ სოლომნიშვილმა განმიმარტა, რომ მას პირადად არ აუტვირთავს ეს ჩანაწერი youtube-ზე. შესაძლებელია, რომ მისი “იუზერიდან” მოხდა აღნიშნული ინფორმაციის ატვირთვა, მაგრამ პირადად მას არ აუტვირთავს. სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას ედავებიან სხვა ბრალდებულებსაც, კვალიფიკაცია არის აბსოლუტურად ერთი და იგივე და რატომ გამოარჩია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობისთვის, ეს იყო გაუგებარი. რა მნიშვნელობა აქვს youtube-ზე ატვირთავ თუ facebook-ზე”, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს

2 თებერვალს ამავე საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო. საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.