LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში „ვეფხისტყაოსანი“ გრაფიკული რომანის სახით გამოიცა

107

პირველად საქართველოში „ვეფხისტყაოსანი“ გრაფიკული რომანის სახით გამოიცა. “თიბისი ბანკის” ინფორმაციით,
„თიბისი გალერეაში“ პაპუნა დავითაიას წიგნის – „ვეფხისტყაოსანი – გრაფიკული რომანი“ პრეზენტაცია გაიმართა.

„ვეფხისტყაოსანი – გრაფიკული რომანი“ პირველი ქართული გრაფიკული რომანია, რომელიც წიგნის სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება.

როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, „ვეფხისტყაოსანი“ პაპუნა დავითაიას და გამომცემლობა „არტანუჯის“ პირველი ერთობლივი პროექტია, რომლის შემდეგ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიების შექმნაც იგეგმება.

სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინომეწარმე და მხატვარი პაპუნა დავითაია რამდენიმე ანიმაცური და მხატვრული ფილმის რეჟისორი და პროდუსერია. დამთავრებული აქვს თბილისის კინოსტუდიის ანიმაციის სკოლა და ნიურნბერგის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. უკანასკნელი სამის წლის განმავლობაში ლოს ანჯელესში შეისწავლა გრაფიკული რომანის შექმნის ხელოვნება.

გრაფიკული რომანი ამერიკაში 1930-იან წლებში წარმოიშვა, როგორც „კომიქსის“ ერთ-ერთი მიმართულება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი იაპონური ვერსია „მანგა“ იაპონიაში 1950-იანი წლებიდან იწარმოება, ხოლო ევროპამ გრაფიკული რომანების წარმოება უფრო მოგვიანებით, 1970-იან წლებში დაიწყო.

„საქართველოში გრაფიკული რომანი არ არის ფართოდ გავრცელებული და პოპულარული, თუმცა სადაო არ არის, რომ ბავშვებისთვის, შინაარსზე მეტი კონცენტრაციისა და უკეთ აღქმისათვის, გრაფიკული რომანი ძალიან სახალისო და საჭირო ჟანრია. ვფიქრობ, ამ ფორმით ჩვენი ბავშვები „ვეფხისტყაოსნის“ უკეთ გაგებას შეძლებენ და შემდეგ უკვე პოეზიასთან ზიარებით გაიღრმავებენ მის სიყვარულს,“- განაცხადა პაპუნა დავითაიამ.

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, „თიბისი გალერეაში“ პაპუნა დავითაიას მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოებიც გამოიფინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები