LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული თეატრალური კრიტიკის ბლოგი 10 წლისაა

692
footoooo kinooooo

საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში (აკაკი ხორავას მსახიობის სახლი, მის. გიორგი ლეონიძის 11ა) 11 ივლისს, 17.00 საათზე, პირველი ქართული თეატრმცოდნეობითი ბლოგის შექმნიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ქართული თეატრის ელექტრონული არქივის www.theatrelife.ge პრეზენტაცია გაიმართება.

პირველი ქართული სათეატრო კრიტიკის ბლოგის www.lashachkhartishvili.blogspot.com ავტორია თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის ლაშა ჩხარტიშვილი.

10 წლის განმავლობაში ბლოგს 2 მილიონამდე მკითხველი სტუმრობდა, რომელიც ეცნობოდა კრიტიკოსის მოსაზრებას თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე, პრობლემებზე, საჭირბოროტო საკითხებზე, ბოლო ათწლეულის გამორჩეულ პრემიერებზე, თანამედროვე ქართული დრამატურგიის და თეატრის თეორიის, ისტორიის საკითხებზე.

ბლოგზე 10 წლის განმავლობაში, ერთი ავტორის სულ 411 სტატიაა გამოქვეყნებული, მარტო 2019 წელს ბლოგს 800 000 მდე მკითხველი სტუმრობდა.

10 წლის განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა ბლოგერობა ქართულ სათეატრო კრიტიკაში. ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგს მალევე შეემატა თეატრმცოდნეების: გიორგი ყაჯრიშვილის, მაკა ვასაძის, მანანა ტურიაშვილის, ნუცა კობაიძის ბლოგები, სადაც პერიოდულად ქვეყნდება თანამედროვე ქართული თეატრის ცხოვრების ამსახველი პოსტები.

ამავე საღამოს, თეატრის კრიტიკოსი ბლოგერები გამართავენ ქართული თეატრის ელექტრონული არქივის www.theatrelife.ge პრეზენტაციას.

ელექტრონული პორტალი, რომელიც ქართველი თეატრის კრიტიკოსების სხვადასხვა წლებში შექმნილ კრიტიკულ და თეორიულ წერილებს აერთიანებს, საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან თანამშრომლობით მოამზადა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა.

პორტალი www.theatrelife.ge მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: თანამედროვე ქართული, უცხოური და კლასიკური დრამატურგია, თეატრის თეორია, ისტორია და კრიტიკა. პორტალზე ფართო მკითხველი გაეცნობა ცნობილ ქართველ რეჟისორებზე და მსახიობებზე დაწერილ პორტრეტებს. ბლოგზე მკითხველი ასევე იპოვის ინფორმაციას ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე, სტატიებს საფესტივალო ცხოვრებაზე, გაეცნობა მასალებს სცენოგრაფიის საკითხებზე, მუსიკისა და ქორეოგრაფიის როლზე თეატრში და ასევე მიიღებს ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებად სათეატრო ორგანიზაციებზე. ელექტრონულ პორტალზე ასევე თავმოყრილია საქართველოში მოქმედი ყველა თეატრის ვებ გვერდის მისამართები.

ქართული თეატრის ელექტრონული არქივი პერიოდულად განახლდება ახალი სტატიებით, პიესებით, თეორიული შრომებითა და კვლევებით.

ქართული თეატრის ელექტრონული არქივის შექმნის აუცილებლობა სათეატრო წრეებში კარგა ხანია დგას დღის წესრიგში. პორტალი შეიქმნა თეატრის მოყვარულების, თეატრით დაინტერესებული მაყურებლისა და სტუდენტებისათვის, რომლებიც თეატრს და მასთან მომიჯნავე დარგებს იკვლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები