LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლასტიკური ბარათით თაღლითობის ახალი მეთოდი – როგორ დავიცვათ საკუთარი ფული

ინტერნეტის საშუალებით მომსახურებისა თუ ნივთის ყიდვისას მხოლოდ პლასტიკური ბარათის 12-ნიშნა და მისი CVV/СVC (ბარათის მეორე მხარეს დატანილი სამნიშნა) კოდის შეყვანაა საჭირო. შედეგად, მომსახურება მიღებულია, ყიდვა კი განხორციელებული. ალბათ, ცოტასთვის თუა ცნობილი, რა მარტივად შეიძლება, გაიგოს უცხო პირმა თქვენი პლასტიკური, როგორც 12-ნიშნა, ასევე მისი 3-ნიშნა, ყველა ბარათისთვის უნიკალური კოდი.

 

რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტით მომსახურებისა თუ ნივთის ყიდვისას, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი საბანკო ბარათი

  • წესი #1 – იმ შემთხვევაში, თუ პლასტიკური ბარათით ვიხდით, ბარათი ტერმინალს არა კონსულტანტმა ან სხვა თანამშრომელმა, არამედ თავად უნდა დავადოთ ან ყურადღება უნდა მივაქციოთ, ბარათის CVV კოდი დაფარული იყოს, რათა უცხო პირმა არ დაიმახსოვროს და არ მოხდეს მისი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენება.
  • წესი #2 – იმ შემთხვევაში, თუ ბარათის ინფორმაცია „ვერ დავიცავით“, უნდა დავაზღვიოთ პლასტიკური ბარათი, რადგან არაკეთილსინდისიერად მისი გამოყენების შემთხვევაში არ დავზარალდეთ და ბანკმა ზიანის ანაზღაურება შეძლოს.

ინტერნეტით განხორციელებული არალეგალური ტრანზაქციებისგან თავის დასაზღვევად, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ბანკები მომხმარებლებს ბარათის დაზღვევის სერვისს სთავაზობენ. მომსახურება ფასიანია, თუმცა შედეგად თქვენ იღებთ  დაცულ განაღდებებს ბანკომატიდან, უსაფრთხო შოპინგს ინტერნეტში და თაღლითობისგანაც დაცული ხართ.

პაკეტები სხვადასხვაგვარია.  შედეგად, ბანკი არალეგალურად ჩატარებული ოპერაციისას მიყენებულ ზიანს, წინასწარ შერჩეული პაკეტისა და ლიმიტის მიხედვით, ანაზღაურებს.

როგორც „ფორტუნას“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, პლასტიკური ბარათი გადახდის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. ბარათის უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი დაცვისთვის, არაერთი დამატებითი საშუალება და მეთოდი არსებობს, მათ შორის ონლაინ გადახდის შემთხვევაშიც.

„უპირველეს ყოვლისა, ბარათს აქვს CVC კოდი და ვებგვერდების უმეტესობა ამ კოდის მითითების გარეშე ტრანზაქციას არ ასრულებს. “საქართველოს ბანკს” აქვს დამატებით მომსახურება – 3D დაცვა, რომლის ჩართვაც უფასოა და ბარათის ონლაინ ტრანზაქციის განხორციელება შეუძლებელი ხდება SMS  და/ან დიჯიპასით გენერირებული კოდის გარეშე. საქართველოს ბანკს ასევე აქვს ბარათის არაავტორიზებული მოხმარებისგან დაცვის მომსახურება, რაც წელიწადში სულ 4 ლარიდან 50 ლარამდე ღირს იმისდა მიხედვით, თუ რა მოცულობის პაკეტს შეარჩევს მომხმარებელი,” – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

 

დაფიქრდით, ვიდრე დააკლიკებთ

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით,  უფრო მეტი ხრიკის მოფიქრებაა საჭირო, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ინტერნეტში ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს ვებგვერდზე ვიზიტი, ნივთისა თუ მომსახურების ყიდვა თუ უბრალოდ რეგისტრაცია, ტოვებს გარკვეულ ინფორმაციას. ინტერნეტ შესყიდვებისას რეკომენდირებულია სანდო ვებგვერდებით სარგებლობა და რთული სიმბოლოების კომბინაციისგან შემდგარი პაროლის გამოყენება.

IT სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვებ-გვერდის, რომლითაც საგნისა თუ მომსახურების ყიდვას ვგეგმავთ, მისამართის ველის დასაწყისში სიმბოლოებს – https სწორედ ამ თანმიმდევრობით და სრულად უნდა ეწეროს. სხვა ყველა შემთხვევაში ვებგვერდი არ არის დაცული ჰაკერული თავდასხმებისგან. შესაბამისად, არც ჩვენ უსიამოვნო შემთხვევებისგან.

პირადი მონაცემები, ინტერნეტი  და უსაფრთხოება 

  • შეინახეთ პაროლები და PIN კოდი უსაფრთხო ადგილას – ნუ შეინახავთ საბანკო ბარათსა და PIN კოდს ერთსა და იმავე ადგილას. თუ ვინმე ინფორმაციას მოგთხოვთ, არ გაანდოთ პირადი მონაცემები უცნობ პირებს.
  • დაიცავით თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოება – ისარგებლეთ ანტივირუსებით. ყურადღება გამოიჩინეთ WIFI სისტემების მიმართ და ნუ ისარგებლებთ ყველა მათგანით. ასევე, სიფრთხილე გმართებთ, თუკი ინტერნეტკაფის კომპიუტერით სარგებლობთ.
  • არ გაანდოთ ინტერნეტბანკის მონაცემენები მესამე პირს – ნუ ეტყვით სხვას თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელს, პაროლსა და კოდს. აღნიშნული ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახეთ.
  • ნუ ენდობით მეილებში არსებულ ბმულებს – არასოდეს გადახვიდეთ ინტერნეტ ბანკის ვებგვერდზე მეილებში არსებული ბმულებიდან. ყოველთვის აკრიფეთ ინტერნეტ ბანკის მისამართი ვებ ბრაუზერში.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდა თქვენი მონაცემების არალეგალურად გამოყენება, დაუყოვნებილ უნდა მიმართოთ სამართალდამცავ უწყებებს.

როგორც შსს-ში „ფორტუნას“ უთხრეს, გამოძიების დაწყება და შესაძლო დანაშაულის კვალიფიკაცია მოქალაქის განცხადებასა და მის შინაარსზეა დამოკიდებული.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

პოპულალურები