LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი ლიეტუვას პრეზიდენტს შეხვდა

35
ღარიბაშვილი და ნაუსედა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე გამახვილდა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას და აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს  მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას ხელს შეუწყობს .

COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას კი, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ლიეტუვის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განიხილეს შემდგომი ერთობლივი საქმიანობისა და კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება და ყურადღება ამ პროცესში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა .

„მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომლის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაციაში ის მნიშვნელოვანი პროგრესი აისახება, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია,“ – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რომელსაც ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში პირადად გაეცნო.

გიტანას ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მთავრობის ადმინისტრციის ინფორმაციით, შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, პრეზიდენტის კაბინეტის მთავარი მრჩეველი იევა ულჩიცკაიტე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სკირმანტე სტრაიგიენე, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში რამინტა სტანაიტიტე-ჩესნულიენე, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვია.

ლიეტუვას პრეზიდენტი პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს ხვდება

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ ჰყავს მყარი მეგობარი რთულ გზაზე – ზურაბიშვილის მიმართვა ლიეტუვის პრეზიდენტს

ლიეტუვა იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და საქართველოს ხედავს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს: გიტანას ნაუსედა

ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა, საქართველოს გაუზიაროს: გიტანას ნაუსედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები