ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთსაქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური კონფერენციის – „საქართველო და მსოფლიო 2020“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

„აქ დაბალანსებული ურთიერთობის, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის, სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს ასეთი მასშტაბური და გლობალური სათაური გვაქვს ჩვენი კონფერენციის – „საქართველო და მსოფლიო 2020“, ეკონომიკურ ჭრილში ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს ეკონომიკურად, როგორც ძლიერ პლატფორმას, რომელიც ემსახურება დიდი ეკონომიკების სერვისებით მომარაგებას“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის საშუალებას იძლევა ღია რეჟიმში, ყველა წარმომადგენელს, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განიხილონ, პირველ რიგში, ქართული ეკონომიკის გამოწვევები და შესაბამისად, მიღწევებიც.

ცნობისთვის, კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელებზე დისკუსია წარიმართა თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო-ევროკავშირის ბაზარზე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

ღონისძიების მიზანი, ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა იყო.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05