LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი კადიროვის მუქარაზე: „კომენტარს არ გავაკეთებ“

118
61337175-4139229326094546-7610231691126243328-o

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ შეაფასებს კადიროვის მუქარას, რადგან გამოძიების დასრულებას ელოდება.

„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, კითხვაზე, ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, პრეზიდენტმა განაცხადა:

„ეს მე რომ ვიცოდე, ძალიან კარგი იქნებოდა“.

ჟურნალისტების კიდევ ერთ კითხვაზე,​ „რუსეთი არაფერ შუაშია?“, პრეზიდენტმა აღნიშნა:

„ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება და ვერ გამომიტყუებთ იმაში, რომ ვინმეს დავადო თითი.

მე ვამბობ იმას, რომ არ მაქვს უფლება, პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა და თუ საჭირო გახდა, ასევე გამომძიებლები უცხოეთიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა რამეს მისთვის კადიროვის განცხადება, პრეზიდენტმა განაცხადა:

„შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ მე კომენტარს კადიროვის განცხადებაზე არ გავაკეთებ. თქვენ ხართ ჟურნალისტები და გაქვთ უფლება გამოიძიოთ. მე არ გამაჩნია ეს უფლება. შეიძლება ვფიქრობდე რაღაცას, მაგრამ თქმის უფლება არ გამაჩნია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ვერსიები ბურუსით მოცული საქმის გარშემო: რატომ იმყოფებოდა პანკისის ხეობაში ბოკოვი, რომელიც გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა

შეგახსენებთ, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ „უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო“.

მანამდე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები