LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს

89

„ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას, ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს სახელმწიფოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში დაეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა გადადგომამ სასამართლო სისტემაში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა.

„დღეს განსაკუთრებით მინდა მოგიწოდოთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება; რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და აგრეთვე მორალური ძალა; რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის.
ეს დაიწყება ორშაბათიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ და არაერთი ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს – ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ჩვენი სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები