LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გენდერულად მგრძნობიარე ადამიანები უნდა იყვნენ – მიხეილ ბენიძე დიმიტრი გაბუნიაზე

benize

რამდენად იქნება პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გენდერულად მგრძნობიარე – ცოტა ხნის წინ ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს, თუმცა, კითხვები საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს აქვთ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ში განმარტავენ, საზოგადოების მოლოდინია, რომ პირველი ქალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მგრძნობელობა ქალთა საკითხებთან დაკავშირებით მაღალი უნდა იყოს.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება, რომელიც სექსუალურ შევიწროებში მხილებულ ზვიად დევდარიანის ინტერესებს იცავდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის გაბუნია ადვოკატის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, სერიოზულ თანამდებობებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მაღალი გენდერული მგრძნობელობა აქვთ.

„როცა საუბარია პირველ ქალ პრეზიდენტზე, როცა საუბარი იყო წინასაარჩევნოდ გენდერული ნიშნით თავდასხმებზე (მართალია, ბოლო პერიოდში საარჩევნო გარემო ძალიან პოლარიზდა და რამდენიმე ამ ნიშნით თავდასხმასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, საწყის ეტაპზე, როცა ამაზე საუბარი მიდიოდა, ასეთი თავდასხმები საერთოდ არ ყოფილა), ამაზე აპელირებას აკეთებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თავად სალომე ზურაბიშვილი. ამ ფონზე მოლოდინი არის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მგრძნობელობა ქალთა საკითხებზე უნდა იყოს მაღალი. ამ მოლოდინს კი არ ვიცი, რამდენად შეესაბამება კონკრეტული პიროვნებების შერჩევა,“ – აცხადებს მიხეილ ბენიძე.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციებმაც გაავრცელეს, რომლებიც საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ, გადახედოს მის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით. საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანად დიმიტრი გაბუნია სახელდება, რომელიც სექსუალურ შევიწროებში მხილებული ზვიად დევდარიანის ინტერესებს იცავდა. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთებას კი, ის განცხადება იწვევს, რომელიც დიმიტრი გაბუნიამ ამ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

„რას აკეთებდა ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?” – ასეთია დიმიტრი გაბუნიას ის ფრაზა, რომელიც მან არასამთავრობო ორგანიზაციებს დაამახსოვრა.

ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები