ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ II-სთან შეხვედრაზე, აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით თავისი მკვეთრი პოზიცია დააფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ს​აქართველოს პრეზიდენტი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე. მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

,,ჩვენ შეგვიძლია, მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის  საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ. გარეგინ II-ის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, ეს არის ფაქტი, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან ასევე, დააფიქსირა მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

„ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს, გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიისა და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ „ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში”. პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს,“ – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მოკითხვა გადასცა.

„ჩვენი მხრიდანაც მინდა გადმოგცეთ ჩვენი პატრიარქის მოკითხვა, მისი მეგობრული და სულიერი სალამი და მისი ურყევი მეგობრობის გამოხატულება, რაც არსებობს ჩვენს ორ ეკლესიასა და ქვეყნებს შორის. დღევანდელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორი ქვეყანა, კავკასიის რთულ რეგიონში, ორ ეკლესიაზე და ამ ეკლესიის ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნებისა და  რეგიონებისთვის, მაგრამ არანაკლებ, დანარჩენი მსოფლიოსთვის, სადაც იკარგება ეს სულიერი მხარე და სადაც  უფრო ძლიერდება მატერიალური მხარე,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა, როცა საუბარია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მომავალ გეგმებზე, ის ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საქართველოც საჭიროა ევროკავშირისთვის და არა მხოლოდ ევროკავშირი საქართველოსთვის.

„საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ ამ ღირებებულებების მატარებელი ქვეყანაა და ერთგვარი კონსერვაციაა ამ ქვეყნებში და ასევე აქ, იმ ღირებულებების, რაზეც დგას მსოფლიო ცივილიზაცია.

ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში და ვიცით, რომ ამ რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამოსავალი და სხვა ალტერნატივა არ არის თუ არა ის, რასაც ქრისტიანობა ამბობს – ანუ, მშვიდობიანი გზა. საქართველო იქცევა, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, მშვიდობიანია თავის ყველა მეზობელთან და ამის გარდა, აქვს ღია კარის პოლიტიკა და ამის მაჩვენებელია ის კომპაქტურად დასახლებული აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის მოსახლეობა, რომლებიც თავისუფლად და სრულიად დაცულად  ცხოვრობს საქართველოში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა, მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გაუწოდოს ხელი და დაეხმაროს ყველა კუთხით – განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ  მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი საქართველოს მშვიდობიან ნაბიჯებზე – ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება ძალიან შეზღუდულია. დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც შექმნა საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა გატაცებებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ასევე, იცით რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულად მთავრდება, როგორც რამდენმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე მხარეს პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება.

„ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან  ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მიტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სომხური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოში გაფანტული სომეხი ერისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ამ სულიერი ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება.

,,ჩვენ არ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან სომხეთის ურთიერთობაზე, ამის შესახებ თქვენთვის ყველაფერი ცნობილია, კერძოდ ყარაბაღის პრობლემა და ჩვენი სიძნელეები, რასაც ჩვენ ვაწყდებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობით და მინსკის ჯგუფის ძალისხმევით, მშვიდობიანად მოგვარდება ყველაფერი, უზრუნველყოთ მშვიდობიანი სიცოცხლე ყარაბაღში, ჩვენი შვილებისთვის.

მოხარული ვარ ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად არის კონფლიქტები მოაგვაროს მშვიდობიანი გზით,” – აღნიშნა გარეგინ II-მ.

მსგავსი თემები