LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ქართველი მეცნიერები დააჯილდოვა

60
BeFunky-collageგფდგდფგდ

საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისა და საზღვარგარეთ ქართული მეცნიერების წარმოჩენისათვის.

გიორგი შარვაშიძეს კი, სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევების მხარდაჭერით ჩვენი საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

თამაზ გამყრელიძის სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა მის შვილს, ეკატერინე გამყრელიძეს გადასცა და კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით გაიხსენა ღვაწლმოსილი მეცნიერი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთავრობის წარდგინებით მაქვს პატივი დღეს ბრწყინვალების ორდენით დავაჯილდოვო გიორგი შარვაშიძე. ჩვენი უნივერსიტეტის რექტორობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმ უნივერსიტეტისა, რომლის ისტორიაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განუყოფელი ნაწილია და რომელიც ჩვენს სახელმწიფოში ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის ხერხემალი, კერა, სადაც მომავალი თაობა იზრდება და რომელიც ჩვენს ქვეყანას თავის მნიშვნელობას სძენს აქაც და ქვეყნის გარეთაც.

თქვენ ძალიან ბევრი იზრუნეთ, რათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონოდა ძალიან ღია და ფართო ურთიერთობები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები „ერასმუსის“ პროგრამაში სრულყოფილად არიან ჩართულნი, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვუახლოვდებით ევროპას, არამედ გავდივართ რეალური ევროინტეგრაციის გზას, რომელიც ძალიან შედეგიანია, რადგან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ნასწავლი სტუდენტები გვიბრუნდებიან, როგორც სრულყოფილი ევროპელები.

თსუ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტია და მსოფლიოს რეიტინგებში ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს. ამიტომ ყველას შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი უნივერსიტეტით.

თქვენ დააარსეთ ასევე, რექტორთა საბჭო, რომელიც ყველა უნივერსიტეტების რექტორებს აერთიანებს და ეს საბჭო ასევე რექტორთა ევროპულ ასოციაციის სრულყოფილი წევრია, რაც ევროპისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ასევე დაარსდა კვლევითი ცენტრები, მათ შორის არის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი პლატფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და დღევანდელი სახელმწიფოს მშენებლობის საწყისს წარმოადგენს.

არანაკლებად მნიშვნელოვანია დიასპორის შემსწავლელი ცენტრი, რადგან დიასპორა ჩვენი ძალიან დიდი საგანძურია. ვისურვებდი, რომ დიასპორასთან ჩვენი კავშირი უფრო მჭიდრო ყოფილიყოს და მათი დიდი ნაწილი კი, სამშობლოში დაბრუნებულიყოს.

დიდი ყურადღება ექცევა ასევე კავკასიური ენების სწავლებას და ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზური ენის სწავლების მხარდაჭერა. ჩვენ გვევალება აფხაზური ენის დაცვა და არა მხოლოდ დაცვა – მე ამას ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის კონსტიტუციის დამცველი – უნდა გავაცოცხლოთ აფხაზური ენა, დღეს ჩვენ ვართ მისი ერთადერთი რეალური დამცველები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!

მე მინდა ამ ყველაფრისათვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენი მომავალია, ეს ჯილდო კი, თქვენი რეალური დაფასების ნიშანია!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა ფილოსოფიის დოქტორი თამარა დრაგაძე, შუმეროლოგი ნინო სამსონია და საერთაშორისო რანგის ხეთოლოგი ირინე ტატიშვილი.

სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის დამოუკიდებელი მკვლევარი, სოციალური ანთროპოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი თამარა დრაგაძე დაჯილდოვდა საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და ღირებული კულტურულ-სოციოლოგიური კვლევების განხორციელებისათვის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ასირიოლოგიის კათედრის წევრი, შუმეროლოგი ნინო სამსონია შუამდინარული ხელოვნების, ლიტერატურის, მითოლოგიისა და კულტურის კვლევისათვის, მიხაკო წერეთლის შრომების გამოსაცემად მომზადებისა და ფართე სამეცნიერო საზოგადოებისათვის წარდგენისათვის, ხოლოისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის პროფესორი, ასირიოლოგიის კათედრის გამგე, საერთაშორისო რანგის ხეთოლოგი ირინე ტატიშვილი ხეთური ენისა და კულტურის კვლევისათვის, აქადური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის, საქართველოში ასირიოლოგიის განვითარებისათვის და ქართული ასირიოლოგიის მიღწევების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები