LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

76

საქართველოს პროკურატურამ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ირაკლი ფირცხალავა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო  ჟურნალისტ ი.მ.-ს განცხადება, რომლის თანახმადაც მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებული ი.ფ.-ს მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გ.მ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას. ხსენებულ საქმეზე 2017 წლის 06 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა ი.ფ.-ს მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

“აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი.ფ.-ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 ივლისს, გაიცა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესახებ. ი.ფ.-მ ამჯერადაც უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

“2017 წლის 07 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მოეხდინა მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

“2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ფ.-ს მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 26 ივლისს, მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი.ფ.-მ მორიგ ჯერზეც უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი.ფ.-ს N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

“გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მომხდარიყო მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი.ფ.-მ კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ი.ფ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა). წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.