LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი კოვიდრეგულაციებს – ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქში პოლიციამ აქციები წყლის ჭავლით დაშალა, დაკავებულია 240-მდე ადამიანი

120
FORTUNA.GE-

მსოფლიოში კოვიდით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება, ამის პარალელურად  იზრდება საზოგადოების პროტესტი და პროტესტის შედეგად დაკავებულთა რიცხვიც.

განახლებული მონაცემებით, მას შემდეგ, რაც კვირას, ნიდერლანდების სულ მცირე ათ ქალაქში, კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, პოლიციამ დაახლოებით 240 ადამიანი დააკავა.

9 საათის შემდეგ შეკრების აკრძალვის მიუხედავად, აქტივისტები ამსტერდამისა და ეინდჰოვენის ქუჩებში შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, შედეგად დააკავეს სულ მცირე 100 ადამიანი.

პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, აქციის მონაწილეებმა კი ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და შიგნით შეჭრა სცადეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები არის პასუხი კომენდანტის საათისა და კორონავირუსის შემაკავებელი სხვა ღონისძიებების მიმართ.

რეგიონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ჰუბერტ ბრალსმა განაცხადა, რომ ის რაც ნიდერლანდების ქუჩებში ხდებოდა, გასცდა გამოხატვის უფლებას და ეს არ იყო დემონსტრაცია. აქციის მონაწილეებს მან “კოვიდ ხულიგნები” უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ესმის საზოგადოების პროტესტისა და იმედგაცრუების შესახებ, მაგრამ თუ ახლა გაუძლებენ, თავისუფლებას უფრო მალე დაუბრუნდებიან.

ქვეყნის მასშტაბით, ბარები და რესტორნები გასული წლის ოქტომბერში დაიხურა. გასულ თვეში შეწყდა სწავლა სკოლებში.

ვირუსის ახალი შტამების აღმოჩენის შემდეგ, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან აიკრძალა საჰაერო მიმოსვლა.

ორი დღის წინ კი, ვირუსის შეკავების მიზნით, “კომენდანტის საათი” ამოქმედდა.

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების 948 933 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 13 540 ადამიანი.