LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი თუ ისტორიის შეურაცხყოფა – სასოწარკვეთილმა დიასახლისებმა პარლამენტარებს საბჭოთა ჰიმნი მოასმენინეს

326
BeFunky-collage (6) (1)

საკანონმდებლო ორგანოში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დღეს პირველად გაისმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ქართველ პარლამენტარებს საბჭოთა ჰიმნი ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ მოასმენინეს

ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას აკეთებდა:

ვიდეო: არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში კი რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის დარბაზში გამოჩენა სიმბოლური იყო.

„აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ. სიმბოლურად შემოვიდნენ და მოვუსმინოთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების გამოჩენა შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმაც.

„ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დაემთხვა, თქვენ ახსენეთ ოკუპაცია და რუსეთის ჰიმნით შემოუერთდნენ დარბაზს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვას ჩვენი ქვეყნის ისტორიის შეურაცხყოფა უწოდა. მომხდარს რატი იონათამიშვილი „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.

„საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა“, – წერს ფრაქციის ხელმძღვანელი.

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნაციონალმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში. კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების აღნიშნულ ქმედებას ნაციონალი კოლეგების საბჭოური ინტერვენცია უწოდა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებს, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს სასოწარკვეთილ ნაციონალ დიასახლისებს უწოდებს.

„ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის შემდეგ რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ, უფრო მდაბიოს, ძნელად წარმოსადგენი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს. საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომხდარი მხოლოდ პერფომანსია, თუ საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფა. „ფორტუნამ“ ამ კითხვით ექსპერტებს მიმართა. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დღეს მომხდარი ამბავი ოპოზიციას დადებით ქულებს არ მოუტანს.

„არ მგონია, რომ ნაყოფიერი იყოს ოპოზიციისთვის დღევანდელი პერფორმანსი. გადავავლოთ თვალი რა ხდება საზღვარგარეთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ოპოზიცია და ძალზე იშვიათად შეხვდებით პოლიტიკური ბრძოლის ანალოგიურ სტილს, პერფომანსებით წარმოებულ პოლიტიკურ ბრძოლას. როგორც ჩანს, არ არის დიდად მომგებიანი ასეთი სტილით რაიმეს გაპროტესტება. მე აღარ ვლაპარაკობ, რომ ეს სტილი ძალზე შორს არის პოლიტიკური ტრადიციების ისეთი ქვეყნებისგან როგორიცაა ინგლისი, ამერიკა და ა.შ. თუნდაც ამიტომ უნდა დაფიქრებულიყო ოპოზიცია, იქნებოდა თუ არა მისი ეს ნაბიჯები მომგებიანი. ოპოზიცია არის ის ძალა, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელმაც უნდა გადაიბაროს ხელისუფლება. ოპოზიციის ეს სტილი ართულებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ადამიანებმა მოინდომონ ამ სტილის პოლიტიკური ფიგურებისთვის ხელისუფლების გადაბარება.

ამიტომ სასურველია, ოპოზიციამ გაპროტესტების სტილი შეცვალოს. ანუ ჰქონდეთ მძიმე, მაგრამ არგუმენტირებული დისკუსია ხელისუფლებასთან, მერე თუკი მოიგებენ ამ დისკუსიას, არგუმენტიებულად დაასაბუთონ, რატომ უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ ოპოზიციას. ახლა გამოდის, რომ მოსახლეობამ იმიტომ უნდა მისცეს ხმა, რომ მათ გააშარჟეს ხელისუფლება, ანუ დაუკრეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი? ნებისმიერი თეატრალიზებული წარმოდგენა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური აქტი. თეატრში მსგავსი აქტები ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ის თეატრია და შენ თუ პოლიტიკაში ხარ, პოლიტიკა უნდა აკეთო“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი ლია მუხაშავრია კი „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ პროტესტის ნებისმიერი ფორმა მისაღებია და გამოხატვის თავისუფლება არავის უნდა შეეზღუდოს.

„მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. შესაძლებელია, პროტესტის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა. როგორც იცით, უკრაინაში ფემინისტი გოგონები შიშვლები გამოხატავენ პროტესტს. სიმართლე გითხრათ, მე იმან უფრო გამაკვირვა, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვისის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს გაეღიმა და ტაში დაუკრა“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები