LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს შელოცვის შეეშინდა: შამანი, რომელიც მის განდევნას გეგმავდა, დააკავეს

179
shamani

შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, დააკავეს.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ალექსანდრ გაბიშევი ბურიატიისა და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს, გზატკეცილზე, სადაც „შამანი“ ღამეს ათენებდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებაში 40-მდე ნიღბიანი პოლიციელი მონაწილეობდა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაბიშევის წინააღმდეგ საქმეს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით აღძრავენ, თუმცა უწყების ოფიციალურ განცხადებაში და კომენტარებში, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ისინი არ აკონკრეტებენ დაკავების მიზეზს.

“საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, დაგეგმილია უახლოესი რეისით დაკავებულის ქალაქ იაკუტსკში გადაყვანა,” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ალექსანდრ გაბიშევი ორი ათას კილომეტრ გზას ექვსი თვის წინ დაადგა. ამ დროის განმავლობაში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა.  მისი „ქადაგების“ ვიდეოებმა, რომლებსაც შემხვედრები უღებდნენ, უამრავი ნახვა დააგროვა. მოსკოვში ჩასვლას ალექსანდრ გავიშევი 2021 წელს გეგმავდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ „პუტინი ბოროტი ძალების მიერ არის შექმნილი და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შუძლია“.

„დემოკრატია შიშის გარეშე უნდა იყოს. დღეს ხალხს ლაპარაკის ეშინია, რადგან გაათავისუფლებენ, ხელფასს არ მისცემენ. ჩვენთან სახელმწიფოს ძალა შეუზღუდავია, დემონური. ხალხი ხელოვნურ დეპრესიაშია ჩავარდნილი.

ჩემთვის პუტინის წასვლა იქნება გამარჯვება. მთავარია დემონი დავამარცხო, ხალხი კი ერთმანეთთან მოაგვარებს საქმეს. სეჩინებსა და მედვედევებზე ჭკვიანები გამოჩნდებიან. სხვა პარტიები აღდგებიან, გამოჩნდებიან. თუნდაც ჟირინოვსკი მოვიდეს, ზუგანოვი, ნავალნი. მთავარია, რომ ისინი ხალხია, საზოგადოება კი გადაწყვეტს ვინ აირჩიოს,” – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

51 წლის შამანი წარმოშობით რუსეთის ყველაზე მსხვილი რეგიონიდან, იაკუტიდანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები