LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი, სადაც ადამიანი უბრალოდ ბედნიერია: დღეს რომის დაარსების დღეა

1927
43408wide

რომი (იტ. და ლათ. Roma) – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ჯერ კიდევ ანტიკურ დროში (III ჩვ.წ.-აღ-ით) მას მარადიულს უწოდებდნენ. რომის მარადიულობაზე წარმოდგენა შენარჩუნდა ძველრომაული ცივილიზაციის დაცემის შემდეგაც და თანამედროვეობაშიც შესაბამისი ეპითეტი მოიტანა.

 

რომი – ქალაქი, რომელიც მარადიულობას ასახავს;
ქალაქი, სადაც თვალნათლივ ჩანს ადამიანის ღვთიური ნიჭი;
ქალაქი, სადაც ადამიანი სცდება საკუთარ ტყავს და გონებას და ღმერთთან ლაპარაკს და პაექრობას იწყებს;
ქალაქი, სადაც სამყარო სულ სხვანაირია;
ქალაქი, სადაც მუდამ სილამაზე და სიყვარულია;
ქალაქი, რომელიც ყველა დროში ყველას და ყველაფერს სჭირდება;
ქალაქი, სადაც ადამიანი უბრალოდ ბედნიერია;
ქალაქი, რომელიც ღმერთმა ადამიანს აჩუქა!

 

კორონავირუსმა დააცარიელა იტალია, დააცარიელა რომი, მაგრამ კაცობრიობას უარესი ომები და განსაცდელი გადაუტანია და მარადიული ქალაქი ამ ომსაც მოიგებს. მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანი კი ისევ დაიწყებს ოცნებას ერთხელ მაინც მოხვდეს რომში და გახდეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი.

 

რომის ღირსშესანიშნაობებს და რომში სანახავს ვინ დათვლის, მაგრამ მთავარი ტურისტული ადგილები ერთხელაც გავიხსენოთ და ამით “გავამხნევოთ” უხილავ მტერთან მებრძოლი მარადიული ქალაქი.

 

რომის ფორუმი და პალატინი (Palatino ლათ. Mons Pălātīnus, Pălātĭum)

რომის ფორუმი – ძველი რომის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი, სადაც თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობები, რომელიც დღეს ნანგრევებად არის ქცეული.
პალატინი – უძველესია შვიდი ბორცვიდან (სიმაღლე 40 მ). როდესაც რომის ფორუმზე საკმარისი ადგილი აღარ იყო, საქალაქო ნაგებობები მეზობელ პალატინიზე გადაიტანეს.

გადმოცემით, აქ წარმოიშვა ძველი რომი.

აქ იყო:
მგლის წმინდა გამოქვაბული – Lupercal, სადაც იპოვეს კიდეც კალათი ტყუპი ჩვილებით;
რომულუსის სახლი casa Romuli

 

კოლიზეუმი Colosseum
ან ფლავიუსის ამფითეატრი Amphitheatrum Flavium

ძველრომაული ამფითეატრი და რომის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი.
კოლიზეუმი 188 მეტრია 156 მეტრზე, ის ყველაზე დიდი ძველრომაული ამფითეატრია მსოფლიოში.
50 ათას ადამიანზე გათვლილი ამფითეატრის მშენებლობა 8 წელი გრძელდებოდა. დაიწყო ჩვ.წ.აღ-ით 72 წელს.
კოლიზეუმი ააგეს ყოფილი ტბის ადგილზე;
იყო დრო, როდესაც კოლიზეუმის გვერდით ნერონის გიგანტური ძეგლი იდგა;
კოლიზეუმში იყო 5 იარუსი და ცალკეული ლოჟები;

იმართებოდა გრანდიოზული ორთაბრძოლები გემებით;
კოლიზეუმს სპეციალურად ძირავდნენ 1 მეტრზე, რათა გემების ბრძოლები მოეწყოთ;

კოლიზეუმი სამშენებლო მასალებად დაინაწილეს.
ლამაზი ქვა და მარმარილო ბევრის ყურადღებას იქცევდა. 847 წლის მიწისძვრის შემდეგ რომაელმა მღვდლებმა და არისტოკრატებმა მარმარილო დაიტაცეს და ეკლესიებისა და სახლების მშენებლობისთვის გამოიყენეს

კოლიზეუმი რომის ყველაზე მონახულებადი ღირსშენაშნაობაა.

 

წმინდა პეტრეს მოედანი ან პიაცა სან პიეტრო Piazza San Pietro

სწორდ აქ იკრიბებიან რომის პაპის მოსასმენად. 30-იან წლებში მუსოლინიმ რომის ცენტრიდან მოედნამდე შერიგების ქუჩა (Via della Conciliazione) გაიყვანა.
მოედნის შუაშია ეგვიპტური ობელისკი, რომელიც კალიგულამ ჩაიტანა და გადმოცემით ნერონის ცირკს ამშვენებდა. აქ დასაჯეს სიკვდილით პეტრე მოციქული და ამ ადგილზე ააგეს ტაძარი. ეს ერთადერთი ობელისკია ქალაქში, რომელიც უცვლელი სახით შემორჩა.
შუასაუკუნეებში რომაელებს ეგონათ, რომ ობელისკის წვერზე იულიუს კეისრის ნეშტი ინახებოდა.

 

ვატიკანი Vatican

დაარსების თარიღი: 1506 დამაარსებელი: პაპი იულიუს მეორე
ყოველწლიურად მუზეუმს 4 მილიონზე მეტი მნახველი ყავს. ის მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე მუზეუმია.

ვატიკანი – ეს ქალაქი-სახელმწიფო შეუფასებელი შედევრებითაა სავსე და აქ კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის საოცრებებს ნახავთ.

აქ არის ნადირთა დარბაზი (ანტიკური ქანდაკებების მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კრებული); როტონდას დარბაზი (Sala Rotonda
1780-1782. რომაელი და ბერძენი ღმერთებისა და გმირების 18 ქანდაკება. ჰერკულესის მოოქროვილი ბრინჯაოს ქანდაკება); მიქელანჯელოს მიერ მოხატული ბერძნული ჰოლი; ბერძნული ჯვრის დარბაზშია წითელ-წაბლისფერი ძოწეულის სარკოფაგი წმინდა ელენეს (იმპერატორ კონსტანტინე I დედა) ნეშტით; წმინდა პეტრეს კათედრა – სკულპტურული კომპოზიცია საკურთხევლის სივრცეში, რომელიც ლორენცო ბერნინიმ შექმნა. მის ქვეშ არის წმინდა პეტრეს საფლავი; ალეკსანდრ VII საფლავი (ბერნინის ბოლო მნიშვნელოვანი ნამუშევარი); რაფაელის ოთახი და ა.შ. დაუსრულებლად.
თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს

„ადამის შექმნა“ La creazione di Adamo
მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1511 წელს, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან – ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა.
ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარაუდოდ, მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა.

 

ტრევის შადრევანი Fontana di Trevi

ტრევის შადრევანი კოლიზეუმს ეპაექრება რომის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის წოდებისთვის. შთაბეჭდავი შადრევანი მთელ პატარა მოედანს იკავებს, რომელიც პოლის სასახლეზეა მიყრდნობილი.

ღამე შადრევანი გამორთულია და აუზი ცარიელდება, რათა მეორე დილით ისევ აივსოს.

რომის ყველაზე დიდი შადრევანი 25,9 მ სიმაღლის და 49,8 მ სიგანის.

შადრევანი 1732-1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ ააგო.

სალვის ჩანაფიქრით, შადრევნის ცენტრალური ფიგურა გახდა არა ზღვის ღმერთი ნეპტუნი, არამედ ტიტანი ოკეანე – ყველა წყლის მბრძანებელი.
შადრევანის უკან, პოლის სასახლის ფასადზე ორი ქალღმერთის ქანდაკებაა – ჯანმრთელობის და დოვლათის

ლეგენდის თანახმად, მონეტა უნდა ისროლო მარჯვენა ხელით მარცხენა მხრის მხრიდან.
ამბობენ, რომ ვინც მონეტას ჩააგდებს, რომში კიდევ დაბრუნდება.
ორი მონეტა – სასიყვარულო შეხვედრა; სამი – ქორწინება; ოთხი მონეტა – სიმდიდრე; ხუთი – განშორება.

კომუნალური სამსახურები ყოველწლიურად შადრევნიდან დაახლოებით მილიონ ევრომდე იღებენ.
ეს ფული საქველმოქმედო ორგანიზაციაში მიდის და ღარიბებს ეხმარებიან

 

ესპანეთის მოედანი Piazza di Spagna

მოედანმა სახელი მიიღო იქვე არსებული ესპანეთის საელჩოს გამო.
სახელგანთქმულ ესპანურ კიბეს გვირგვინად ეკლესია ადგას. კიბის დასაწყისშია შადრევანი „ნავი“ ბერნინი-მამის ნამუშევარი.
მოედნის სამხრეთ ნაწილში 1620 წლიდან დგას ესპანეთის სასახლე (Palazzo di Spagna). მის წინაა „უმანკოების კოლონა“ Colonna dell’Immacolata (1854).
ესპანეთის მოედანი რომის მოდის ცენტრია, ყველაზე ცნობილი იტალიური მოდის მარკები კონდოტის ქუჩაზეა, რომელიც მოედნიდან იწყება.

 

ვია დე კონდოტი Via Condotti

იტალიის დედაქალაქის ცენტრშია ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი რომაული ქუჩა. XVIII საუკუნიდან ამ ქუჩას გლამურის სურნელი შეეპარა – მოდური მაღაზიები და ატელიები სოკოებივით მრავლდებოდნენ. დღეს ამ ქუჩაზე შეხვდებით პრესტიჟულ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა – Valentino, Armani, Hermès, Cartier, Louis Vuitton, Fendi, Gucci, Prada, Chanel, Dolce & Gabbana და Salvatore Ferragamo.
უძველესია ატელიე Bulgari, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, 1905 წელს გაიხსნა.

 

ვენეციის მოედანი და ვიტორიანო Piazza Venezia

რომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია.
ეს გახლავთ ქალაქის სავაჭრო არტერია.
ვიტორიანოს მონუმენტი მეფე ვიქტორ ემანუილ II პატივსაცემად აიგო.
ვენეციის მოედანზე საზეიმოდ აღინიშნება რესპუბლიკის დღე (2 ივნისი), ხოლო ახალი წლის ღამეს კონცერტები აქ ეწყობა.

XV საუკუნეში ვენეციელმა კარდინალმა პიეტრო ბარბომ (მოგვიანებით პაპი პაველ II) სასახლე ააგო. მოედანმა ამჟამინდელი ფორმა 1885 წელს მიიღო, როდესაც ვიქტორ ემანუილ II მონუმენტი ააგეს.

 

ვიტორიო ემანუელ II-ის ხიდი Ponte Vittorio Emanuele II

ის 1911 წლის 6 ივნისს გაიხსნა და იტალიის გაერთიანების 50 წლისთავს მიეძღვნა.

 

წმინდა ანგელოზის ციხესიმაგრე Castel Sant’Angelo

სენტ ანჯელო – რომის არქიტექტურული ძეგლია. თავიდან იყო აკლდამა. შემდეგ პაპის რეზიდენცია, ასევე ციხე. დღეისათვის აქ სამხედრო მუზეუმია. ტერასიდან შესანიშნავი ხედია რომსა და ვატიკანზე.
მდებარეობს ადრიანოს პარკში. თავიდან აშენდა როგორც მავზოლეუმი, იმპერატორ ადრიანისა და სხვა იმპერატორების აკლდამისთვის, შემდეგ გამოიყენებოდა რომის პაპების ციხესიმაგრედ.
410 წელს ციხესიმაგრე ვესთგოთებმა დაიპყრეს და მთლიანად გაანადგურეს და გაძარცვეს. რაც დარჩა ვატიკანმა მიითვისა.
პაპების მდიდრული აპარტამენტების გვერდით ციხის საკნები იყო, სადაც 6 წელი გაატარა ჯორდანო ბრუნომ.

 

წმინდა ანგელოზის ხიდი Ponte Sant’Angelo

საფეხმავლო ხიდი, რომელიც 134-139 წლებში აიგო. მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით.
XVI საუკუნეში წესად შემოიღეს ხიდზე დამნაშავეები სიკვდილით დაესაჯათ. ხიდზე გამოჩნდა პეტრე (1530) და პავლე (1463) მოციქულების ქანდაკებები, რომლებსაც ბერნინის ათეულობით ანგელოზის ქანდაკებაც დაემატა.

 

ნავონის მოედანი Piazza Navona

ნავონის მოედანი – რომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი მოედანია. ორივე მხრიდან და ცენტრში შადრევანია, ორი მათგანი თვით ლორენცო ბერნინის ნამუშევარია.
აქ საშობაო დღეებში, 6 იანვრამდე ბაზრობა იმართება.

 

პანთეონი Pantheon

პანთეონი – ყველა წმინდანის ტაძარი, ქრისტიანული ნაგებობა, რომელიც წარმართულ ღმერთებს ეძღვნება. ის ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში აშენდა როგორც წარმართული ტაძარი, VII საუკუნეში კი ქრისტიანული ბაზილიკა გახდა.
პანთეონში ცნობილი ადამიანების საფლავებია, მათ შორის რაფაელის და მეფე ვიქტორ ემანუილის.
პანთეონი აგებულია ჩვ.წ.აღ-ით 126 წელს იმპერატორ ადრიანეს დროს.

 

პოპოლოს მოედანი Piazza del Popolo – სახალხო მოედანი

მოედანს ოვალის ფორმა აქვს 100×165 მ.
დღევანდელი იერსახე პოპოლომ 1811-1822 წლებში მიიღო.
შუაში აღმართულია 36-მეტრიანი ეგვიპტური ობელისკი, მასზე გაკეთებული წარწერები ფარაონ რამზეს II-ს აქებს და ადიდებს.
მოედანს ასევე ალამაზებს რამდენიმე შადრევანი.
ისტორიულად პოპოლოს მოედანი საჯარო სიკვდილით დასჯის ადგილი იყო.
დღეს აქ საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

 

კაპიტოლიუმის მოედანი – ლათ. Capitolium, Capitolinus mons, იტალ. il Campidoglio, Monte Capitolino
მიქელანჯელოს ტოტალური პროექტი

კაპიტოლიუმის ბორცვზე იდგა რომის მთავარი ტაძარი – დიადი იუპიტერის, შუასაუკუნეებში აქ ქალაქის საბჭო მართავდა სხდომებს, რომლის წევრები სენატორებად იწოდებოდნენ. მათთვის სენატორის სასახლე (Palazzo Senatorio, ამჟამად მერია), ააგეს, რომელიც მოედნის პანორამას ასრულებს. შესასვლელთანაა რომის სიმბოლოს, კაპიტოლიუმის ძუ მგლის კოლონები

 

ჭეშმარიტების ბაგე Bocca della Verità

ანტიკური მრგვალი მარმარილოს ფილა ტრიტონის (ანუ ოკეანის) ნიღაბის გამოსახულებით. თარიღდება ჩ.წ.აღ-ით I ს-ით.
ნიღაბი დიამეტრში 1,75 მ აღწევს.
შუასაუკუნეებში ბაგეს ერთგვარ სიცრუის დეტექტორად მიიჩნევდნენ: თუ გაღებულ პირში ხელს ცრუპენტელა შეყოფდა, ღვთაება მას მოაჭამდა.

 

 

ლეგენდად ქცეული ფილმი “რომაული არდადეგები” ვინ არის იცის. ფილმის დასასრულს, როდესაც პრინცესა ანა ჟურნალისტებს ხვდება, ერთ-ერთი კორესპოდენტი ეკითხება, თუ რომელმა ქალაქმა დატოვა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. პრინცესა ოდნავ ყოვნდება, თანხმლები პირები დადგენილი პასუხის კარნახს ცდილობენ, პრინცესაც თითქოსდა თანხმდება და “სწორად” იწყებს, თუმცა…

“მე ვნახე ბევრი ქალაქი. ყველა თავისებურად დაუვიწყარი იყო და მიჭირს… რომი… და მხოლოდ რომი”…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები