LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებს აქვთ სექსი საქართველოში და ის განდევნის იარაღი არ უნდა იყოს! – "ქალთა მოძრაობა"

qaltamozraoba
ქალებს, მათ შორის, პოლიტიკოს ქალებს, აქვთ სექსი საქართველოში. სექსი ქალების პოლიტიკიდან განდევნის იარაღი აღარ უნდა იყოს! ქალების პირადი ცხოვრებით მანიპულირება უნდა დასრულდეს! – ამის შესახებ “ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შესაძლო გავრცელების ფაქტს ეხება.
“ქალთა მოძრაობა” მიიჩნევს, რომ პატრიარქალური სისტემა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალ კაცების შემთხვევაში სექსუალური ცხოვრება არა თუ დაგმობილი, არამედ კულტურულად წახალისებულია.
“ბოლო წლებში აქტიურად მიმდენარეობს პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პატრიარქალური სისტემა და ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს – აშინებს. პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საფრთხე არ ექმნებათ ჰეტეროსექსუალ კაც პოლიტიკოსებს. მათი სექსუალური ცხოვრება არათუ დაგმობილი, არამედ კულტურულად წახალისებული და აღიარებულია. შესაბამისად, სექსი მათთვის არც ბარიერია, არც შანტაჟისა და დაშინების წყარო და არც დისკრედიტაციის საფრთხე, რაც, კიდევ ერთხელ მიუთითებს პატრიარქალურ სისტემაში გაბატონებულ უთანასწორობასა და მასზე მიბმულ ორმაგ მორალურ სტანდარტებზე.
ქალთა მოძრაობა მხარში უდგას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ასეთი შემთხვევები შემაშფოთებლად მატულობს. ქალთა მოძრაობა გმობს მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.
პირადი და სექსუალური ცხოვრების უფლება ადამიანის უფლებაა. ქალებს, მათ შორის, პოლიტიკოს ქალებს, აქვთ სექსი საქართველოში. სექსი ქალების პოლიტიკიდან განდევნის იარაღი აღარ უნდა იყოს! ქალების პირადი ცხოვრებით მანიპულირება უნდა დასრულდეს!” – აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულალურები