LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალებს ორმაგად უწევთ შრომა დაამტკიცონ, რომ შესწევთ ბიზნესის წარმატებით მართვის უნარი“ – რატომ სჭირდებათ მეწარმე ქალებს მხარდაჭერა

4072
fortuna.ge (4)

საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, საკითხი აქტუალური და პრობლემურია გლობალურადაც. ამ პროცესში კი ბიზნესსექტორი, როგორც დამსაქმებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია.

საქსტატის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, კომერციულ სექტორში დასაქმებული ქალების თანაფარდობა მამაკაცებთან მიმართებაში 40-60%-ზეა.

2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29% იყო ქალის მფლობელობაში. ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა მაჩვენებელი არ აღემატება 20%-ს. 

მხოლოდ ეს სტატისტიკაც კი საკმარისია, იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით კვლავ ბევრი სამუშაო რჩება, გაძლიერება თავისთავად მოიაზრებს ცვლილებას და ისეთ ცვლილებას, სადაც ინდივიდი იძენს უნარს მიიღოს გადაწყვეტილებები და ჰქონდეს არჩევანი.

 

მეწარმე ქალებს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანა შეუძლიათ

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 20 წელზე მეტია ახორციელებს მეწარმე ქალების მხარდაჭერას. ორგანიზაციის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნეს საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან მიაჩნიათ, რომ ქალ მეწარმეებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანა შეუძლიათ.

ირაკლი თოლორაია, EBRD-ის პროგრამის „ქალები ბიზნესში“ კოორდინატორი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ წარმატებული ბიზნესის შექმნას იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე კარგი იდეა და ფინანსური რესურსია.

 

სწორედ ამიტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის მხარდაჭერის  გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ ქალებს 2014 წლიდან ეხმარება შეიძინონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები, ცოდნა და რესურსები შემდგომი განვითარებისთვის. ამ მიზნით, ორგანიზაციამ  110-ზე მეტი პროექტი უკვე განხორციელა, რომლის ფარგლებშიც 130-მდე მეწარმე ქალი გადამზადდა – მეწარმე ქალების მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამა დაფინანსებულია შევედეთის მიერ.

“ჩვენ ვაკავშირებით, მეწარმე ქალებს ადგილობრივ კონსულტანტებსა და საერთაშორისო მრჩევლებთან, რომლებიც მათ ეხმარებიან ბიზნესის გაფართოებაში, გაყიდვების გაზრდაში, საქმიანობის გაციფრულებაში და არაერთი სხვა მიმართულებით.

ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ვატარებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას (სემინარები, ტრენინგები, თემატური შეხვედრები და ა.შ.).“

რა გამოწვევები გამოკვეთა პანდემიამ? რა მიმართულებით სურთ მეწარმე ქალებს გაძლიერება?

პანდემიამ აჩვენა, რომ დრამატულად გაიზარდა მოთხოვნა ბიზნესის გაციფრულებაზე და შესაბამისად, პროექტების რაოდენობაც და ტრენინგებიც ამ მიმართულებით გაიზარდა. მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, 2020 წელს განვახორციელეთ 40%-ით მეტი პროექტი ვიდრე წინა წელს, რომელთაგან 65% პროექტებისა დაკავშირებული იყო ბიზნესების პროცესების გაციფრულებასთან ან ელექტრონულ კომერციასთან. რამდენიმე კვირის წინ, მეწარმე ქალებისათვის გაიმართა ტრენინგი ლიდერობის თემაზე, შვედეთის მხარდაჭერით და ჩაატარა გამოცდილმა ექსპერტმა ნიდერლანდებიდან.

 

 

პოსტპანდემიურ პერიოდში, 4-დან 1 ქალი გადავიდა დაბალ პოზიციებზე ან საერთოდ დაკარგა სამსახური

 

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, ბიზნეს სექტორიდან ერთ-ერთი ლიდერი ქალია, რომელიც EBRD-ის პროგრამის მონაწილე იყო. მისი მოსაზრებით ქალთა ეკონომიკური აქტიურობა ჩვენი ქვეყნის გარდა, გლობალურად, მსოფლიოსთვისაც პრობლემური საკითხია და პანდემიამ მათი გაძლიერების საჭიროებები კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა.

 

 

„ბოლო კვლევების მიხედვით, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი ვარირების სხვადასხვა ქვეყნის ჭრილში და საშუალოდ 20-დან 30%-მდე მერყეობს.

აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოსტკოვიდური სიტუაციიდან  გამომდინარე,  4-დან 1 ქალი გადადის დაბალ პოზიციებზე ან საერთოდ ტოვებს სამსახურს.

ასევე, კვლევის თანახმად გამოიკვეთა საგანგაშო ტენდენცია:

უმაღლეს პოზიცებზე მყოფი ბევრი ქალი, მიუხედავად იმისა, რომ გამოირჩევიან ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებითა თუ შედეგებით, სტატისტიკის მიხედვით მაინც კარგავენ სამსახურებს – რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ხელშემშლელი ბარიერები კვლავ არსებობს.

კოვიდპანდემიამ და ბიზნესზე მისმა გავლენამ საკითხი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა და ყველას დაგვანახა, რომ ქალთა მხარდამჭერი პროგრამების არსებობა ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია პრობლემასთან გასამკლავებლად.

EBRD-ის ტრენინგები, მრავალი საინტერესო საკითხით – ახალი მართვის სტილი, კრიზისის მართვა, მოლაპარაკების ხელოვნება და სხვა – ეხმარება მმართველ პოზიციებზე მყოფ ქალებს, აიმაღლონ ცოდნა მენეჯმენტის მიმართულებით, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება  და მიიღონ სასარგებლო რჩევები როგორც ექსპერტისგან ასევე თავიანთი კოლეგებისგან.

მიღებული ინფორმაცია უდაოდ დამეხმარება მომავალში როგორც საორგანიზაციო საკითხების უფრო ეფექტიანად გადაჭრაში ასევე, ჩვენი კომპანიის საქმიანობოს წარმატებით მართვაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო EBRD-ის წარმოადგენლობას საქართველოში, რომ მომცა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა იმ ძალიან საინტერესო ტრეინინგებში, რომელიც ეხება ქალი-მართველის მნიშველოვან როლსა და გამოწვევებს განსაკუთრებით პოსტ კოვიდურ გარემოში.

 

ქალი ლიდერი საუკეთესო მმართველია

 

EBRD-ის პროგრამის მონაწილე ელენე ოთარაშვილი, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია თბილისის“ მენეჯერი, „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრია. ის „ფორტუნასთან“ საუბრისას პანდემიის დაწყების პერიოდს იხსენებს და ყურადღებას ბიზნესში ქალთა ჩართულობის უპირატესობებზე ამახვილებს:

 

„პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიოს და ამ ყველაფრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ტურიზმი. უპრეცედენტო სიტუაციის მიუხედავად, კრიზისი ვაქციეთ განვითარების და ახალ ეტაპზე ასვლის შესაძლებლობად.

მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყოს კრიზისის მენეჯმენტისკენ და ახალ რეალობასთან სწრაფი ადაპტირებისკენ.

როცა არ იცი რა იქნება, იწყებ მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან აცნობიერებ, რომ გრძელვადინი გათვლები და  მიზნები, ასეთ დროს რელევანტურობას მოკლებულია.

ცხადია აცნობიერებ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა მხოლოდ შენი ან ბიზნესის წარმატება კი არა, დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახები დგას.

EBRD-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებული იყო ქალი ლიდერების განვითარებაზე, გავიარეთ ძალიან საინტერესო მოდულები: მოლაპარაკებების სტრატეგიები და სხვადასხვა ტაქტიკები; ემოციების მართვა, რომელიც ლიდერის ერთ-ერთი მნიშნელოვანი თვისებაა; ტოქსიკურ გარემოსთან გამკლავების გზები, რომელიც ბევრგან შეიძლება შეგვხდეს.

მაგალითად, მიმუშავია ისეთ გარემოში, სადაც ქალის აზრს გაცილებით ნაკლებ მნიშნელობას ანიჭებენ, ვიდრე კაცისას. შესაბამისად, გვიწევს სხვადასხვა გარემოსთან ადაპტირება, ჩვენი აზრის გატანისთვის ბევრად მეტი მუშაობა.

საინტერესო იყო ასევე რეპუტაციის მართვის მოდული.

როგორც აღმოჩნდა, ქალები უკან იხევენ საკუთარი თავის წარმოჩენისას, ამაყად არ საუბრობენ თავის მიღწევებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი ლიდერი არის საუკეთესო მმართველი, რადგან ბევრად ემპათიური, თანმიმდევრული და სტრესგამძლეა (რაც ლიდერისთვის საუკეთესო თვისებებია), საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული შეხედულება და სფეროების დაყოფა ქალისა და მამაკაცის საქმედ.

ქალებს ყოველთვის ორმაგად უწევთ შრომა, რომ დაამტკიცონ, მათაც შესწევთ უნარი წარმატებით მართონ ბიზნესი და მოიპოვონ ნდობა საზოგადოებაში. 

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ქალები აღმასრულებელ პოზიციებზე მსოფლიოს მასშტაბით  მინიმალურად არიან წარმოდგენილნი. თუმცა, გლობალური ფონის გათვალისწინებით, ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ქალების წინსვლის ნაწილში სავალალო ვითარებაა. უკვე გვყავს ბევრი ქალი აღამსრულებელ პოზიციებზე ბიზნესშიც და სამთავრობო სტრუქტურებშიც, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო EBRD Georgia-ს გუდს ასეთი საჭირო და სასარგებლო პროგრამის ინიცირებისთვის და ამ საუკეთესო შესაძლებლობისთვის.

 

რა შედეგები აქვს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს

 

EBRD-ის პროგრამის „ქალები ბიზნესში“ კოორდინატორი, ირაკლი თოლორაია, პროექტების შემდგომ მიღებული უკუკავშირზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქალთა გაძლიერებისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი დადებითად აისახება სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალების ეფექტიან საქმიანობაზე.

ქალების მიერ მართული ბიზნესების 83% ზრდის მის ბრუნვას საშუალოდ 28 პროცენტით და აუმჯობესებს პროდუქტიულობას საშუალოდ 16 პროცენტით.  

ქალების მიერ მართული ბიზნესების 57%-ში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხშირად, ასევე ქალებისათვის და საშუალოდ 8 პროცენტით იზრდება მათი თანამშრომლების რაოდენობა.

ქალების მიერ მართული ბიზნესების 14 პროცენტი იღებს გარე დაფინანსებას, რათა გააგრძელოს ზრდა.

მეწარმე ქალების დახმარების პროგრამა არის რეგიონალური ინიციატივის ნაწილი, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და ჯამში, ამ ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივი ბანკებისათვის გამოყოფილი იყო €45 მილიონიანი საკრედიტო ხაზი შემდგომი გასესხებისათვის იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის, რომლებსაც მართავენ და/ან ფლობენ ქალები. და მიუხედავად იმისა რომ, პარტნიორმა ბანკებმა ეს თანხები ამოწურეს, მეწარმე ქალების საკრედიტო ხაზი მათ მიერ იქნა შენარჩუნებული. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული იყო კრედიტ-უნარიანობის გაძლიერება, პარტნიორი ბანკებისათვის ტექნიკური დახმარება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს კონსულტაციები, რომლითაც სარგებლობენ  მეწარმე ქალები.

მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით დაფინანსებულია შვედეთის მიერ, ხოლო ფინანსებზე ხელმისაწვდომის კომპონენტს მხარს უჭერს ევროკავშირი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები