LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალებს როგორც წესი, სახლში კლავენ” – საგანგაშო კვლევის შედეგები და ერთ დღეში მოკლული 47 ქალის ისტორია

scarpe rosse

ყოველდღიურად საშუალოდ 137 ქალს პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს – საგანგაშო ინფორმაციას UNODC-ის მიერ გავრცელებულ ახალ კვლევაში ვკითხულობთ.

დასკვნაში ნათქვამია, რომ “ქალებს როგორც წესი, სახლში კლავენ”.

2017 წელს დაღუპული 87 000 ქალის ნახევარზე მეტი უახლოესმა ადამიანმა მოკლა. ამავე მონაცემებით, 30 000 ინტიმურმა პარტნიორმა მოკლა, 20 000 კი – ნათესავმა.

ჰომიციდი

პრობლემაა არა მხოლოდ ქალის, არამედ ზოგადად მკვლელობები.

მამაკაცების მკლელობების შემთხვევაშიც მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. UNODC-ის დასკვნაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მამაკაცები ოთხჯერ უფრო მეტად არიან საფრთხის ქვეშ, რომ განზრახ მკვლელობის შედეგად დაკარგონ სიცოცხლე, ვიდრე ქალები. გაეროს ანგარიშში კი ნათქვამია, რომ 10-დან 8 მამაკაცი ჰომიციდის მსხვერპლია.

ჰომიციდის მსხვერპლია ქალთა 20%, ხოლო კაცების 80%. თუმცა, ქალების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც პარტნიორმა ან ოჯახის წევრმა მოკლა, მამაკაცთა მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

 

 

21 ქვეყანა – 47 ქალი – ერთი დღე

BBC-მ გადაწყვიტა ამ ციფრებს მიღმა უფრო მეტი გაეგო. როგორც გამოცემა იტყობინება, ქალებზე მკლელობების მონიტორინგისთვის მხოლოდ ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა.

ოქტომბრის პირველ დღეს, ქალების რაოდენობამ, რომლებიც სხვებმა მოკლეს, 47 შეადგინა. ეს მკვლელობები 21 ქვეყანაში დაფიქსირდა. უმეტეს მათგანს ამ დრომდე იძიებენ.

ქალების მკვლელობა პარტნიორის ან ოჯახის წევრის მხრიდან, უფრო ხშირად აფრიკაში ფიქსირდება. მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზეა ამერიკა, მესამეზე ოკეანეა, მეოთხეზე – აზია.

ყველაზე მცირე მაჩვენებელი ევროპაშია, სწორედ აქ შეუძლია ქალს სახლში შედარებით უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

1-ელ ოქტომბერს მოკლული ხუთი ქალი

ორშაბათს, 1-ელ ოქტომბერს კენიაში 22 წლის ჯუდიტ ჩესანგი და მისი და ნენსი მარცვლეულის მოსავლის ასაღებად მინდორში გავიდნენ. ჯუდიტი, რომელიც სამი შვილის დედა იყო, მეუღლესთან ლაბან კამუმენსთან ახალი დაშორებული იყო, რის შემდეგად მშობლებთან სოფელში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც დებმა თავისი საქმის გაკეთება დაიწყეს, ოჯახის ფერმაში მისი მეუღლე მივიდა, ჯუდიტს თავს დაესხა და მოკლა. ჯუდიტის ქმარი კი იქვე, ადგილობრივებმა მოკლეს.

ნეჰა შარად საჰური მის მეთვრამეტე დაბადების დღეზე მოკლეს, რომელსაც მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნავდა. BBC-ის ინფორმაციით, მშობლები ამ ურთიერთობის წინააღმდეგები იყვნენ. გოგონას მკვლელობა საღამოს, სახლში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული მისი მშობლები და ნათესავი მამაკაცი არიან. გამოძიება მიმდინარეობს და სამივე მათგანი პატიმრობაში რჩება.

აღსანიშნავია, რომ სიყვარულის და ბედის იმ ადამიანთან დაკავშირების გამო, რომლებიც მშობლებს არ მოსწონთ, წელიწადში ასეულობით გოგონას კლავენ.

24 წლის ზეინაბ სეკაანავი ირანის ხელისუფლებამ მისი მეუღლის მკვლელობის გამო მოკლა.

ზეინაბი ირანში ღარიბ, კონსერვატიულ ოჯახში დაიბადა. მან მოზარდობის ასაკში, ოჯახისგან თავის დასაღწევად გათხოვება გადაწყვიტა. თუმცა, არ გაუმართლა და მეუღლესთან გაშორებას აპირებდა, რის გამოც მისი ქმარი თავს შეურაცყოფილად გრძნობდა. ზეინაბის განცხადება პოლიციაში დააიგნორეს. შემდეგ, ის 17 წლის ასაკში ქმრის მკვლელობისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იმისთვის რომ მკვლელობის აღიარება მოეპოვებინათ, ის პოლიციამ სასტიკად აწამა და გოგონას სასამართლოზე თავის გამართლების საშუალებაც არ ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ზეინაბი მანამ, სანამ მეუღლეს მოკლავდა, დიდი ხნის განმავლობაში, ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო.

39 წლის ბრაზილიელი ქალი, სანდრა ლუსია ჰამერ მოურა, აგუარ რიბეიროს ცოლად 16 წლის ასაკში გაჰყვა. წყვილი 5 თვის დაშორებული იყო მაშინ, როდესაც მამაკაცმა სანდრა მოკლა. როგორც BBC-ის ადგილობრივ პოლიციაში უთხრეს, ქალს ყოფილმა მეუღლემ ყელი გამოჭრა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. პოლიციამ მის მობილურ ტელეფონში “აღიარების” ვიდეო ნახა, სადაც ის ამბობს, რომ ქალი სხვაზე დაინიშნა, ეს კი მან ღალატად მიიღო. მამაკაცი ვიდეოში ასევე აღნიშნავს, რომ მას არ უნდოდა დაეპატიმრებინათ და წყვილი “ღმერთს ერთად უნდა მიბარებოდა”.

37 წლის ფრანგი ქალი მარია-ემილ ვაილატი ყოფილმა მეუღლემ, სებასტიან ვაილატმა მოკლა. წყვილი 4 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მეუღლე ქალს თავს დანით დაესხა, შემდეგ პოლიციაში მივიდა და მკვლელობა აღიარა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, საპატიმროში თავი მოიკლა.

მარია-ემილს ქალის თეთრეულის მაღაზია ჰქონდა. ადგილობრივებმა მისი მკვლელობის შემდეგ, მაღაზიასთან უამრავი ყვავილი მიიტანეს…

 

ფემიციდი საქართველოში

მსოფლიოსგან განსხვავებული მონაცემები არც საქართველოშია. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული 2018 წლის უახლესი სტატისტიკა დამაიმედებელია.

2018 წელს ნაკლები ქალი მოკლეს, ვიდრე წინა წლებში და წელს ქმარს ცოლი არ მოუკლავს. უფრო კონკრეტულად მიმდინარე წლის 10 თვეში 11 ქალი მოკლეს. 5 შემთხვევაში მკვლელი ოჯახის წევრი იყო, ხოლო 6-ში – სხვა პირი.

წელს ოჯახში მკვლელობების ხუთი შემთხვევიდან ერთში შვილმა-დედა, მეორეში დამ-და, მესამეში ძმამ-და, ხოლო მეოთხეში მამინაცვალმა-გერი მოკლა. შსს-ის ცნობით, მეხუთე შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი პირი მსხვერპლთან ერთიან “საოჯახო მეურნეობას ეწეოდა.” 2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობებიდან 1 დანაშაული ჩადენილია პარტნიორის მიერ. ქმარი კი, მკვლელობებში არ ფიგურირებს, განსხვავებით წინა წლებისგან.

გასული ორი წლის მონაცემები:

  • 2017 წელს მოკლეს 26 ქალი, რომელთაგან 14  ოჯახის წევრმა მოკლა, ხოლო 12 – სხვა პირმა.

2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 შემთხვევა აღირიცხა.

  •  2016 წელს მოკლეს 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 – სხვა პირის მიერ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევებზე მიმართვიანობა გაზრდილია. სწორედ პოლიციის და შესაბამისი ორგანოების ჩართულობაა, ქალებზე ძალადობისა და ფემიციდის პრევენციის მექანიზმი, რომლის დანერგვასაც მსოფლიოში და საქართველოშიც ცდილობენ.

2018 წლის მონაცემები ნათლად გვიჩვენებს პრევენციის ამ მექანიზმის ეფექტურობას – მიმართვიანობის გაზრდასთან ერათად, შემცირდა მკვლელობები.

თამთა უთურგაშვილი

სტატიაში გამოყენებულია BBC-ის და

საქართველოს შსს-ს მონაცემები