LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი იძულებული ხდებოდა შვილები მიეტოვებინა და სხვა მამაკაცს გაჰყოლოდა: “დინოლას” ჩვენება და დისკუსია

328
74607762-1346861158821077-1725611932754378752-o

გენერატორი 9.8-ის ორგანიზებით, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის „დინოლას” ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ვარკეთილის მედიათეკამ უმასპინძლა.

ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი დრამა რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ძველ სვანურ ტრადიციაზე მოგვითხრობს. „დინოლა“ უშგულში მცხოვრები პატარა გოგონას ამბავია, რომელსაც მკაცრი ადათ-წესები დედასთან აშორებს.

მაყურებელთა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ძველმა ტრადიციამ მიიპყრო. მის მიხედვით, ქვრივი ქალი ხშირად იძულებული ხდებოდა შვილები მიეტოვებინა და სხვა მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად. მარიამ ხაჭვანის განმარტებით, მსგავსი ისტორია მის ოჯახსაც შეემთხვევა. აღნიშნულმა ტრადიციამ დინოლას მსგავსად ბებიამისიც ბავშვობაში დედას დააშორა.

                                                                                                        კადრები ფილმიდან

 

მოკლემეტრაჟიანი სურათის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც რეჟისორმა ფილმზე მუშაობის პროცესზე, მოპოვებულ წარმატებებსა და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

როგორ იპოვეს ცისფერთვალება ნუცი სვანეთში დინოლას როლისთვის

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დინოლა“ ახლახან ერაყში AMARJI INTERNATIONAL FILM FESTIVAL-ზე დააჯილდოვეს. მას, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს, კინოფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა. “დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია. […]

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გადაღებული „დინოლა“ ევროპის კინოაკადემიის მიერ შერჩეული პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმია და მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია.

გენერატორი 9.8,  “მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის” მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” მხარდაჭერით 2015 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა. თავდაპირველად ეს საქართველოში პირველი არაკომერციული, უფასო საერთო სამუშაო სივრცე და სოციალური ბარი იყო. ამჟამად კი თბილისის მედიათეკების გაერთიანებასთან თანამშრომლობს, რომელიც ვარკეთილის, ნაძალადევისა და ვაკის მედიათეკებს მოიცავს. გენერატორი ადგილობრივი და საერთაშორისო მოხალისეების დახმარებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს და პარალელურად მომხმარებელს მედიათეკის ბაზაზე საერთო სამუშაო სივრცეს სთავაზობს.