LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშე შემოდის

652

GPC და ”ფარმადეპო” კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების მოლოდინში – ფარმაცევტული კომპანიები შერწყმისთვის ემზადებიან.
როგორც ”ფორტუნას” ”ფარმადეპოში” განუცხადეს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ”ფარმადეპოს” მფლობელი კომპანიის წილს ყიდულობს. ამ ეტაპზე კი გარიგების დეტალები ზუსტდება.

”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს”, – აღნიშნეს ”ფარმადეპოში”. მათივე განმარტებით, აღნიშნული გარიგება არც ერთი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლებს არ დააზარალებს და საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

ცნობისთვის, საქართველოში სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კომპანიის შეძენით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (ევექსი) ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. მისი წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ”ფარმადეპო” დარჩება.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ”ფარმადეპოს” აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის. კომპანიებს შორის გარიგების დასრულება 2017 წლის იანვრისთვის იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები