LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია რუსეთს ევროსასამართლოში უჩივლებს

83
1az

ქართული ავიაკომპანია რუსეთისთვის ჩივილს გეგმავს. Georgian Airways რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ევროსასამართლოში შეიტანს, $25 მლნ-ის მოთხოვნით, რუსეთის ქალაქებში ფრენების უსაფუძვლოდ შეზღუდვისთვის.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ გეგმავს შეიტანოს სარჩელი 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპულ სასამართლოში, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ ავიაკომპანიის რუსეთში ფრენების დაუსაბუთებელი აკრძალვისთვის.

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს აკრძალვის ფორმალურ  მიზეზს წარმოადგენდა ბრალდება „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ, რომ მას  აქვს რუსეთის აერონავიგაციის დავალიანება 800,000 აშშ დოლარის ოდენობით. მეორე მიზეზს წარმოადგენდა რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს უკმაყოფილება  „ჯორჯიან ეარვეისის“  ფრენების უსაფრთხოების პროგრამით.

პირველ რიგში, „ჯორჯიან ეარვეისი“ პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას არ აქვს დავალიანების არც ერთი ცენტი რუსეთის აერონავიგაციის  სამსახურის წინაშე. აგრეთვე, აერონავიგაციის გადასახადები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ სამჯერ მეტია, ვიდრე  რუსული ავიაკომპანიებისთვის, რაც ეწინააღმდეგება რუსეთ-საქართველოს მთავრობათაშორისო შეთანხმებას.

რაც შეეხება ფრენების უსაფრთხოების პროგრამის საკითხს, „ჯორჯიან ეარვეისი“  ბაზარზე უკვე 27 წელია არსებობს და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი პრობლემა არ ჰქონია. ავიაკომპანია რეგულარულ და არარეგულარულ ფრენებს ასრულებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და არის IATA- ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) წევრი. „ჯორჯიან ეარვეისი“  ასევე რეგულარულ შემოწმებას გადის  IOSA- ს (ოპერირების უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი) მიერ. ამასთან, „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  არასდროს ჰქონია ადგილი შენიშვნებს ევროპული ქვეყნების მხრიდან.  „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენების უსაფრთხოების პროგრამა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, შეჩერებულია რუსული ავიაკომპანიენის  ფრენები საქართველოში. ამ განკარგულებაში არ არის აღნიშნული  საქართველოსა და რუსეთის შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, მით უმეტეს „ჯორჯიან ეარვეისის“ რუსეთში ფრენების აკრძალვის შესახებ. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ქმედება – „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ ფრენების  აკრძალვა – უკანონოა. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს უსამართლო ქმედების  შედეგად, „ჯორჯიან ეარვესმა“ დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. ასევე დაირღვა ავიაკომპანიის  მგზავრების უფლებები“, – აცხადებენ „ჯორჯიან ეარვეისში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები