LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ”გრემი” მაღაზიებს მოსკოვში, კიევსა და ასტანაში გახსნის

147

ნატურალური ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”გრემი” საკუთარი ბრენდის მაღაზიების გახსნას იწყებს. კომპანია მიმდინარე წელს ობიექტებს თბილისში, მოსკოვში, კიევსა და ასტანაში გახსნის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მაჩაბელმა განუცხადა, ამ ეტაპზე თბილისში ტერიტორიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

”მაღაზია გვინდა, რომ მაქსიმალურად ტურისტულ სივრცეში განთავსდეს. შესაბამისად, აღმაშენებლის გამზირზე და ლესელიძის ქუჩაზე ვარჩევთ ფართებს. სავარაუდოდ, ეს პროცესი ამ თვეშივე დასრულდება და მაღაზიის მოწყობა აპრილიდან დაიწყება”, – აღნიშნა მაჩაბელმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელსვე იგეგმება ”გრემის” უცხოური ფილიალების გახსნაც. რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში მაღაზიების განთავსება უკვე გადაწყვეტილია. ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი ”გრემის” ბრენდით ევროპის ქალაქებში შესვლასაც განიხილავს.

”გარდა ამისა, სიახლე გვაქვს ექსპორტის მიმართულებითაც. გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ”გრემის” პროდუქცია ისედაც შედის, გერმანიასა და ეგვიპტეში გავაგზავნეთ თაფლის სატესტო პარტია. თუ მოიწონეს ჩვენი თაფლი, მაშინ სტაბილურ თანამშრომლობას დავიწყებთ”, – განმარტა გიორგი მაჩაბელმა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”გრემის” ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების პროდუქტი იწარმოება: მურაბები, ჯონჯოლი, სვანური მარილი, აჯიკა და თაფლი. სამომავლოდ კი, კახეთში საკუთარი საწარმოს აშენება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება.

კომპანია ”გრემი” 2016 წლის ბოლოს დაარსდა და მასში 10 ადამიანია დასაქმებული. ”გრემის” პროდუქცია ექსპორტზე: ირანში, რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები