„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის „ტიკტოკ“ პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეორგოლს ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდეორგოლს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ შვილს ესალმება ამ პლატფორმაზე მიღებული სახალისო ფორმით, აბსოლუტურად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

“ფორტუნა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებელის კადრებაში, იკადრეს, ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ – მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.

ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რახან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების მანძილზე მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს.

თუმცა, ვინაიდან ოპონენტები ჯიუტად და აგრესიულად ცდილობენ, კრიტიკის ეს სრულიად აბსურდული ხაზი განავითარონ, თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, რათა ერთი სამუშაო დღის მაგალითზე ვაჩვენოთ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებების აბსურდულობა.

მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ საათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ამ თათბირზე განიხილული იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ: განხილული იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რისკები და პროგნოზები, ამასთან ერთად, შეფასდა იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში; თათბირზე დეტალურად იქნა განხილული დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ფინანსთა მინისტრი; ყოველმხრივ იქნა განხილული სამთავრობო ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხალხის დასახმარებლად გეგმავს ხელისუფლება, აგრეთვე მეწარმეებისათვის სახელმწიფოს შეხიდების ღონისძიებები და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიის მიერ დამუხრუჭებული ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების ვადები, რისკები და შესაძლებლობები.

ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან.

თუმცა, როგორც მანამდე, დღესაც ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარზე და პოლიტიკურ დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.

მუშაობის შედეგები სახეზეა, საქართველოს, მისი ხელისუფლების წარმატებას ამ კრიზისულ ვითარებაში ხედავს და დადებითად აფასებს, საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც. ყველა ხედავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნამდვილად არის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში.

ყველა ხედავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!

და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ და ჩვენი გმირების ცხედრები ჯერაც არ იყო გაციებული, როცა კონცერტი მოაწყვეს და წაგებული ომი აზეიმეს ქვეყანას; ვინც 26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ; ვინც საქმეს შედეგის მისაღებად კი არა, ტელევიზორში ათასჯერ გამოსაჩენად აკეთებდა და თანაც ნახევრად და ხშირად უკუღმაც. ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ქონდეს, პანდემიის გაჩენასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებდნენ, რადგან მისგან განსხვავებით, მათ არ უხარიათ საკუთარი ქვეყნის წარმატება, ისინი ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი ხელისუფლება და ვერ ეგუებიან, რომ ქართველი ხალხიც და მსოფლიოც ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლისადმი, ვინაიდან ასეთ საქართველოში თავის ადგილს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსს ვეღარ ხედავენ.

საყოველთაოდ ცნობილია, ხელისუფლების მდგრადობას და ეფექტიანობას, ყველაზე უკეთ სწორედ კრიზისი ავლენს.

უკანასკნელ წლებში საქართველოს ორი ყველაზე მწვავე კრიზისი ქონდა – ეს პანდემია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაჩნდა და რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს როგორ ეფექტურად უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება და აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისი, რომელში პასუხისმგებლობა აგრესორთან ერთად “ნაციონალურ მოძრაობასაც” მიუძღვის და ყველას კარგად ახსოვს მაშინ, როგორ სამარცხვინოდ დაკარგა სახე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ, როგორ აბსოლუტურად გაშიშვლდა, რომ ვინ რას სჩადიოდა და ვინ რა განცხადებებს აკეთებდა, ჭკუა აღარავის მოეკითხებოდა.

აი, სწორედ ეს ხალხი აკრიტიკებს და ვერ ეგუება დღეს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის ოპტიმიზმს.

დიახ, დღეს, ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი.

მათ ხომ ავტომატურად აღონებს და ხასიათს უფუჭებს ქვეყნის და ხალხის წარმატება. ივანიშვილისგან განსხვავებით, ისინი ხომ მაშინ იქნებოდნენ კარგ ხასიათზე პანდემიას რომ დამანგრეველი შედეგი მოეტანა, იმიტომ რომ ასობით გარდაცვლილის და ჩამოშლილი ქვეყნის ფონზე, საკუთარ პოლიტიკურ შანსს დაინახავდნენ.

თუმცა საბედნიეროდ, დღეს მათ არავითარი შანსი არ აქვთ, შანსი აქვს ჩვენს ხალხს და ქვეყანას.

რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ელის მსოფლიოს და საქართველოს, მაგრამ მთავარია, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი სრულ მზადყოფნაშია ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, აქვს ქვეყნის მომავლის რწმენა და გამარჯვების, ფაქტებით დასაბუთებული იმედი!“ , – ნათქვამია განცხადებაში.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები