LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უარი მივიღოთ – ვაშაძე კობახიძეს პასუხობს

55
გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშალოს.

ამ განცხადებით ვაშაძე ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ მიმართვას, რომელშიც ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მოუწოდა: “საჯაროდ გამოვიდნენ და ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად”

“სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უარი მივიღოთ. კობახიძემ ოპოზიციას კითხვა დაგვისვა – რას არ აკეთებს?! რა უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ”?!

მე კითხვებს ჩამოვთვლი და ამ კითხვებიდან ჩანს, თუ რას არ აკეთებს ხელისუფლება: რატომ არ ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას?! რატომ არ ამბობს უარს სასამართლოში უკანონო მართლმსაჯულებაზე?! რატომ არ აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს?! რატომ არ ამბობს უარს სუსის, როგორც პოლიტიკური პოლიციის მექანიზმზე, რომელიც აქვს ქვეყანაში?! რატომ ესხმის თავს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩებს?! რატომ ადანაშაულებს მათ, რომ თითქოს მათ სურთ ჩვენი ქვეყნის ომისკენ წაქეზება?! რატომ უკავშირებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფო ინტერესებს?! რატომ ამბობს, რომ ვიღაც აშანტაჟებს?! გავაგრძელო?!…

ამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი ბატონმა კობახიძემ. ზუსტად ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული კამპანია, რომელშიც ჩართულია “ქართული ოცნება”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.