არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მძიმე დანაშაულებების გამო შეიქმნა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რომელიც კიდევ გაფართოვდება.

​„დღეს ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. ერთი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე იმსხვერპლა. სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს. ჩვენ სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულებების გამო შევქმენით „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ამ სიაში ბრალდებული პირები არიან შეყვანილი, რომელთაც საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ეს სია კიდევ გაფართოვდება.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორს ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ეს სია და ვფიქრობ, რომ 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო დააყენებს აუცილებლად მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები გამოვრიცხოთ. ეს იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ქართული სახელმწიფო დგას არჩილისნაირ გმირებზე,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები