LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების სამაჯური, რომელიც მომხმარებლის დაშიფრულ ემოციას ატარებს

385

”დაშიფრე ემოცია მორზეს კოდით და ატარე თან გრძნობა, რომელიც მხოლოდ შენია”, – ეს სლოგანი ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდ ”დოთს ენდ დეშის ჯორჯიას” ეკუთვნის.  კომპანია ამ ეტაპზე ვერცხლისა და ბიჟუტერიის სამაჯურებსა და ყელსაბამებს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაციას კი სოციალური ქსელის მეშვეობით ახდენს.

როგორც ”ფორტუნას” ”დოთს ენდ დეშის ჯორჯიას” დამფუძნებელმა ანა სტურუა-მელიქიშვილმა განუცხადა, მისი ბრენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მორზეს კოდია.

”მოგეხსენებათ, ხელნაკეთ სამკაულებზე მომუშავე ძალიან ბევრი ბრენდია საქართველოში. თუმცა, ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მორზეს კოდით დაშიფრული ე.წ  “სურვილის სამაჯურები” და ყელსაბამებია. ნებისმიერი სიტყვა შეგვიძლია ავაწყოთ ტირეებითა და ბურთულებით. შესაბამისად, მხოლოდ ამ აქსესუარის მფლობელს ეცოდინება, თუ რა სიტყვა აწერია სამკაულზე. ალბათ, სწორედ ამ ნიშნის გამო გახდა ჩვენი ბრენდი პოპულარული ბაზარზე. ამ ეტაპზე ”ფეისბუქზე” ჩვენს ოფიციალურ გვერდს 25 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს”, – აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, პროდუქციის ღირებულება ბიჟუტერიით დამზადებული აქსესუარების შემთხვევაში 10 ლარიდან იწყება, ვერცხლის სამკაულების კი -30 ლარიდან.

ამასთან, როგორც ანა სტურუა-მელიქიშვილი ამბობს, ”დოთს ენდ დეშის ჯორჯია” განსაკუთრებული შეფუთვითაც გამოირჩევა. სამკაული სპეცილურ ხის ყუთში თავსდება, რომელიც სეზონის შესაბამისად ყვავილებით, ნაძვის ტოტებით და სხვა მცენარეებით ფორმდება.

”დოთს ენდ დეშის ჯორჯია” ცალკეული აქსესუარების გარდა, სასაჩუქრე ნაკრებსაც ამზადებს. მაგალითად, სასაჩუქრე ნაკრები მეჯვარეებისთვის, ახალშობილებისთვის და სხვა. თითოეულ ნაკრებში, სხვა ნივთებთან ერთად, მორზეს კოდით დაშიფრული სამაჯურიც დევს.

ცნობისთვის, ბრენდი ”დოთს ენდ დეშის ჯორჯია” ბაზარზე 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა. მას ორი დამფუძნებელი ჰყავს: ანა სტურუა-მელიქიშვილი და მარიკა სიხარულიძე. გოგონები მინი სახელოსნოში თავად ქმნიან აქსესუარებს. ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით კი, ცოტა ხნის წინ ”დოთს ენდ დეშის ჯორჯია” #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას შეუერთდა. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ  „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია უკვე დასრულდა.  დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.