“როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოს, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის შემდეგ შინაარსი დაკარგა ჩემთვის ამ დაპირისპირებამ, ჩამოიცალა შინაარსისაგან ძველი ხელისუფლებისა და ახალი ხელისუფლების დაპირისპირება”-  ამის შესახებ TV პირველის ეთერში გადაცემა რეაქციაში პოეტმა და ქართული ოცნების ყოფილმა მხარდამჭერმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

მაღრაძემ 10 წლის წინ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის დაიცავი საქართველო გააქტიურება დაანონსა და აღნიშნა, რომ “ივანიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირების ჩარჩოდან უნდა გათავისუფლდეს ხვალინდელი დღე”.

“დღევანდელ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ვიდრე ატარებდა შინაარსს, ამ შინაარსის გამო ბევრი რამ იყო გამართლებული. ჩვენი პოზიციაც, ჩვენი მხარდაჭერაც, ჩვენი დამოკიდებულებაც, ჩვენი მოტივაციაც. როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოს, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის შემდეგ შინაარსი დაკარგა ჩემთვის ამ დაპირისპირებამ, ჩამოიცალა შინაარსისაგან ძველი ხელისუფლებისა და ახალი ხელისუფლების დაპირისპირება. ვეღარ ვხედავ მე იმ საფუძველს, მათ შორის შინაარსს, დაპირისპირების საფუძველს ვეღარ ვხედავ, ვინაიდან სამართლიანობა ჩამოიქცა… ის ძველი აღმოსავლური ტიპის დესპოტიის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა სწორედ იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები… ეს ხალხი ქმნიდა იმ სვეტს, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენდებდა უსამართლო სახელმწიფოს. ზუსტად იმ სვეტზე გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ ააშენოს ახალი სამართალი” – განაცხადა მაღრაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველო 2009 წელს ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე, ოპოზიციის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ შექმნა.

მსგავსი თემები