LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი ერისა და საქართველოს შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს კანონით“ – რას გულისხმობს ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვაობა გამოიწვია

90
გოგა ჩანადირი

„ქართველი ერისა და საქართველოს შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს კანონით, ისევე როგორც კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის“, – ცნობილი ფოტოგრაფისა და სამოქალაქო აქტივისტის, გოგა ჩანადირის ამ განცხადებამ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, საზოგადოებაში აზრთა სხვაობა გამოიწვია.

სოციალური ქსელის მომხმარებლებში გაჩნდა კითხვა, რას გულისხმობს ამ განცხადებაში უფრო ზუსტად ფოტოგრაფი, ამიტომ მეტი სიცხადისთვის „ფორტუნა“ გოგა ჩანადირს დაუკავშირდა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების უშვერი სიტყვებით ლანძღვას მიუღებლად მიიჩნევს, ამიტომ სამოქალაქო აქტივისტი ფიქრობს, რომ ერის შეურაცხყოფა კანონით უნდა ისჯებოდეს და მის ამ განცხადებაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამც და არამც არ იგულისხმება.

გოგა ჩანადირმა მაგალითად ებრაული კანონი მოიყვანა, ხოლო დასმულ კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, მისი აღსრულება, გვიპასუხა, რომ ეს სხვადასხვა მექანიზმითაა შესაძლებელი:

„გეტყვით რას ვგულისხმობ ამ განცხადებაში, რას ვგულისხმობ და 2 დღის წინ ვიღაც რუსულენოვანი ტიპი იდგა აღმაშენებელზე და უცერემონიოდ ლანძღავდა ქართველებს, რა თქმა უნდა, გაკრიტიკებას არ ვგულისხმობ, მაგრამ ლანძღვა უშვერი სიტყვებით მიუღებლად მიმაჩნია, სწორედ ეგეთმა ადამიანებმა არ იციან ზღვარი გამოხატვის უფლებასა და ლანძღვას შორის.

აღსრულება [კანონის] არის პრობლემა. ძირითადად დაჯარიმებით ხდება და თუ უცხოელია, ქვეყნიდან გაძევებითა და შავ სიაში შეტანით. ხოლო თუ აქ არ ცხოვრობს, პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს და ქვეყანაში შემოსვლის უფლება ბოდიშის მოუხდელად არ უნდა ჰქონდეს.“ – უთხრა „ფორტუნას“ გოგა ჩანადირმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებსა და საქართველოს აგინებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, პოლიციის კანონიერ ქმედებას არ დაემორჩილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები