LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეყველე კრიტიკის ობიექტი გახდა: რა შუაშია გლეხი და ბაზარი?

416

“ბაზარში ნაყიდ იმერულ ყველს არ გაეკაროთ, ქართული რძე მასტიტით და ბრუცელოზით არის სავსე” – ამ სათაურით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკის ობიექტი გახდა აღნიშნული სიტყვების ავტორი მეყველე და “ყველის სახლების” დამფუძნებელი ანა მიქაძე, რომელიც აღნიშნულ თემაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც მიქაძე სოციალურ ქსელში წერს, მის ნათქვამს არასწორი მიმართულება მიეცა.
”ძალიან კარგი რომ მოყვა მყისიერი გამოხმაურება ამ თემას ყველა მხრიდან, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც. სამწუხაროდ, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ სწორი იყო ჩემი გეგმა ამ პრობლემისთვის ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ და პროფესიონალებთან ერთად, საერთო განხილვის და მსჯელობის შემდგომ მიგვეხედა, – ეს წერილი გადაგზავნილი იყო სამინისტროში და ასლები შესაბამის სამსახურებთან…. მაგრამ ჟურნალისტის მკვეთრმა სათაურმა, ძალიან გააღიზიანა სწორედ ის ხალხი, ვისთვისაც ზოგადად უნდა კეთდებოდეს ყველანაირი პრევენცია (ანუ მომხმარებელი ). ბრალი დამედო მე ანა მიქაძეს, ქართული ყველის მკვლევარს და… რომ ვებრძვი გლეხს….

დამახინჯებულად იქნა ისრები გადატანილი სხვა მიმართულებით: რა შუაშია გლეხი და ბაზარი? ან სად ხედავთ ბაზრებში გლეხებს? ან სად ხედავთ ბაზრებში ქართულ პროდუქციას?

მადლობა იმისთვის, რომ ახალი პროქტი დამაჩქარებინეთ… დღეიდან, უფრო სწორედ კი გუშინდლიდან ვიწყებ მასშტაბურ აქციებს ქართული რძის გამოსაჯანსაღებლად. ვქმნი “ჯანმრთელი რძე მზრუნველთა საბჭოს“, სადაც სათანამშრომლოდ ვიწვევ ყველას. რასაკვირველია, ქარხანაც მექნება, დიდი ფერმაც თხის და აუცილებლად გავაკეთებ ჯანმრთელ, გემრიელ დ მსოფლიოში აღიარებულ ქართულ ყველს”, – წერს “ყველის სახლის” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ქართული რძის პრობლემაზე ანა მიქაძემ გადაცემა ”საქმის კურსში” ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრობლემა მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ყველის ქარხანა სატესტო რეჟიმში აამუშავა და კერძო ფერმერებისგან რძის ჩაბარება დაიწყო.

“რძე არ გვივარგა, მასტიტით და ბრუცელოზით არის გატენილი ქართული რძე. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა – როგორც ჩანს, მთელი საქართველო არაპასტერიზებულ რძეზე მუშაობს, არ ვაპირებ, ამის გამო გავჩუმდე. ეს აღმოვაჩინეთ მაშინ, როდესაც სატესტო რეჟიმში დავიწყეთ ქარხანაში მუშაობა. საქმე ისაა, რომ მასტიტიანი (დაავადებული) რძე პასტერიზების დროს იჭრება, ვერ უძლებს პასტერიზებას და გამოუსადეგარი ხდება. მისგან ნორმალურ ყველს ვერ დაამზადებთ. ჩვენ ამ მიზეზის გამო თითქმის 10 ტონა რძის გადასხმა მოგვიწია. სინამდვილეში მაინც ეშმაკობენ, ამ რძისგან ყველს ამზადებენ და ყიდიან“,-აღნიშნა მიქაძემ. მისი განცხადებით, ასეთი ყველი ნაწლავის ჩხირებით არის სავსე და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები