LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პროფესორი, ზაალ კოკაია საკუთარ ახალ აღმოჩენაზე რადიო ,,ფორტუნასთან” საუბრობს

3445
20200124175712

შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც პროფესორი ზაალ კოკაია, პროფესორი ოლე ლინდვოლი და ნევროლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი სარა პალმა-ტორტოსა შედიან, სამედიცინო საზოგადოებას წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ ამცნო.

მეცნიერებმა ვირთხის ტვინში, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, ადამიანის კანის უჯრედების რეპროგრამირების შედეგად მიღებული ნეირონები გადანერგეს. ტრანსპლანტაციიდან ექვსი თვის შემდეგ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ გადანერგილი ნეირონები სრულად ინტეგრირდა ტვინის ქერქის დაზიანებულ ქსოვილში, რამაც მღრღნელის მოტორული ფუნქციები თითქმის სრულად აღადგინა.

სწორედ აღნიშნულ ძალიან მნიშვნელოვან კვლევაზე და მის შედეგებზე დღეს გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” პროფესორმა ზაალ (ზაზა) კოკაიამ ისაუბრა.

ზაალ კოკაია გახლავთ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი (2011 წლიდან),ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის „StemTherapy-ის“ სტრატეგიული კვლევითი პროგრამის კოორდინატორი. ის ამავდროულად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და უნივერსიტეტის ახალი მოლეკურლურ-გენეტიკური, უჯრედული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელიც.

– ბატონო ზაალ, თქვენი მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ კვლევაზე ზოგადი ინფორმაცია მსმენელს უკვე მივაწოდეთ, თუმცა ძალიან აქტუალურია შეკითხვა: როდის გახდება შესაძლებელი აღნიშნული მანიპულაციების ადამიანზე ჩატარება? ბუნებრივია ყველას გვესმის, რომ თუ ეს ექსპერიმენტული მეთოდი ადამიანზე გაამართლებს, ეს აბსოლუტური გადატრიალება იქნება მედიცინაში.

წარმატებული ექსპერიმენტი - ქართველმა მეცნიერმა ზაალ კოკაიამ და მისმა კოლეგებმა ინსულტით დაზიანებული ვირთხის ტვინის აღდგენა შეძლეს

მეცნიერებმა ვირთხის ტვინში, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, ადამიანის კანის უჯრედების რეპროგრამირების შედეგად მიღებული ნეირონები გადანერგეს.

პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით მოწვევისათვის. დიახ, მართალია, ინსულტის კვლევის საკითხში ეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და საინტერესო მიღწევაა, რომელიც ძალიან დამაიმედებელია ინსულტის კვლევის საკითხში, განსაკუთრებით ღეროვანი და რეპროგრამირებული უჯრედების, ანუ უჯრედული თერაპიის საკითხში. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კვლევები ექსპერიმენტულ სტადიაშია და ამ დროისათვის ჩვენ ვმუშაობთ პრინციპებზე. შესაძლებელია ადამიანების უჯრედების მეშვეობით აღდგეს ის დარღვეული ნერვული რკალი, რომელიც დაზიანებულია ინსულტის შედეგად თავის ტვინის ქერქში, მთავარ სტრუქტურაში, რომელიც ძალიან ბევრ ფუნქციას განაგებს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კვლევა ერთი რამით არის განსაკუთრებული – გადასანერგად ამ კვლევის ფარგლებში ჩვენ გამოვიყენეთ ადამიანის კანისაგან მიღებული ნეირონები, არა ზოგადად ნეირონები, არამედ ქერქული ნეირონები მივიღეთ ჩვენ კანის უჯრედებიდან და ეს პროცესი თავისთავად ძალიან სპეციფიური და საინტერესო იყო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ უჯრედების ნერვულ რკალში ინეგრირება ხდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეს ექსპერიმენტული კვლევაა და ძალიან დიდი გზა გვაქვს იქამდე, ვიდრე კლინიკამდე მივალთ, თუმცა ეს გზა მკაფიოა. არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ეს გზა კლინიკურად გამოყენებული იქნეს მომავალში.

-ბატონო ზაალ, თქვენს კომენტარში ვკითხულობთ, რომ გადანერგილი ნეირონები სრულად ინტეგრირდა ტვინის ქერქის დაზიანებულ ქსოვილში, რამაც მღრღნელის მოტორული ფუნქციები თითქმის სრულად აღადგინა. ჩენ ვიცით, რომ ინსულტის ერთ-ერთი მთავარი გართულება სწორედ მოტორული ფუნქციების დაკარგვაა და კიდევ ძალიან ბევრი სხვა გართულება, რომლებსაც ხანდახან აღსადგენად წლები სჭირდება, ხანდახან კი მათი აღდგენა საერთოდ ვერ ხერხდება. შეიძლება თუ არა, რომ სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით პრაქტიკულად სრულად ალაგდეს ინსულტით გამოწვეული ყველა გართულება მომავალში?

აბსოლუტურად მართალი ხართ. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი დაზიანების შემდეგ ტვინში რასაკვირველია მიდის გარკვეული რეგენერაციული პროცესები, ხანდაზმულებში ეს ნაკლებად ხდება, ახალგაზრდებში უფრო მეტად და სრულადაც არის შესაძლებელი გადარჩენილმა ნეირონებმა მომხდარი დაზიანების კომპენსაცია მოახდინონ. ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ტვინს ახალგაზრდა ნეირონებს ვაწვდით და ტვინი უკვე თვითონ იყენებს ამ ნეირონებს გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად ტვინის ქერქის შიგნით ან სხვა უბნებში, ან ქერქსა და სხვა უბნებს შორის. რა თქმა უნდა იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა დაზიანება და რა უბანშია განლაგებული აღდგენა შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, თუმცა დღეს რეალურად ინსულტით დაზიანებული თავის ტვინის სამკურნალოდ და აღდგენითი პროცესების სამართავად თანამედროვე მედიცინას არანაირი საშუალება არ გააჩნია. ამიტომ ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელიც პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ღირებული იქნება.

– ბატონო ზაალ კიდევ ერთი ძალიან აქტუალური კითხვა იქნება ამ მეთოდის ხელმისაწვდომობა. თქვენ ბრძანეთ, რომ ამ ეტაპზე საუბარი მეთოდის ადამიანებში გამოყენებაზე ნაადრევია, თუმცა როდესაც ეს დრო დადგება თქვენი აზრით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს მეთოდი ადამიანებისათვის? როგორი იქნება მისი მიახლოებითი ღირებულება?

ძალიან სწორი კითხვაა, რადგან ძალიან ხშირად მკურნალობის მეთოდის ღირებულება განსაზღვრავს მის ხელმისაწვდომობას. მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ამაზე ზუსტად ვერ ვისაუბრებთ, რადგან იქამდე გრძელი გზაა, თუმცა ვფიქრობ ეს მეთოდი საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება, გამომდინარე ტექნოლოგიური პროგრესის ტემპებიდან. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, რადგან ეს მეთოდი ვერ იქნება პანაცეა ყველა იმ პაციენტისთვის,რომლემაც ინსულტი გადაიტანა. ყველაფერი ინდივიდუალურად, თითოეულ პაცინეტთან მიმართებაში დადგინდება. ამ ეტაპზე თქმა ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ ეს ხელმისაწვდომი იქნება ნამდვილად. მინდა ვთქვა ისიც, რომ ჩემთვის, როგორც ქართველი მეცნიერისათვის, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევაში კიდევ კიდევ ერთი ქართველის თსუ დოქტორანტის, სოფიკო ქარცავაძის მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ამ ტიპის კვლევები საქართველოში განვითარდეს და ქართველი მეცნიერები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ დასავლეთის ქვეყნების კვლევების, ტექნოლოგიების და მეთოდების შესახებ.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები