ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გორის სამხედრო ბაზაზე მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა და ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. თავდაცვის მინისტრის ვიზიტი კვების რაციონის და მომსახურეობის სტანდარტების კონტროლს უკავშირდება. საქართველოს თავდაცვის ძალების ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება უკვე დაიწყო. აღნიშნული ხორც-პროდუქტისგან მომზადებული კერძი მინისტრმაც დააგემოვნა.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბაზაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძეც იმყოფებოდა. ისინი ერთად გაეცნენ ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს.

“2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება. თავდაცვის მინისტრის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებზე გამახვილდა. ახალი სტანდარტებით, ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის გაუყინავი საქონლის ხორცით მარაგდება. სამინისტროს მიერ იგივე პირობები იქნება მოთხოვნილი ახალ კონსოლიდირებულ ტენდერშიც”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს. კვებითი მომსახურების სტანდარტების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასთან ერთად, განსაკუთრებით გამკაცრდა ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი.

კარგი კვება, კარგი უნიფორმა: 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება

“ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს”, – აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05